საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი „Inside The Circle / წრეში“, აგვისტო-სექტემბერში მიმდინარეობდა. კონკურსის ორგანიზატორი იყო კომპანია Desire Designing, რომელმაც გამარჯვებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით მონაწილეს შორის შეარჩია. ამის შესახებ Desire Designing საკუთარ ვებგვერდზე იუწყება.
კონკურსის მონაწილეებს ბეტონის მილში (დიამეტრი - 2.4 მეტრი და სიგრძე - 2.5-3 მეტრი) ყველა საჭიროებით უზრუნველყოფილი საცხოვრებლოს პროექტი უნდა წარმოედგინათ.
კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ საცხოვრებელ ფართს უნდა ჰქონოდა საკუთარი სამზარეულო, საძინებელი ოთახი და საპირფარეშო.
ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ბეტონის მილში მარტივად შეიძლება პატარა საცხოვრებელი ბინის მოწყობა, რაც დღეს ძალიან აქტუალურია მჭიდროდ დასახლებული ქალაქების მოსახლეობისთვის. მით უფრო, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი - დაბალგანვითარებულ ქვეყნებში, საკმაოდ დიდია უსახლკაროთა რიცხვი და ეს პრობლემა დროულ გადაჭრას ითხოვს.
კონკურსის „Inside The Circle / წრეში“ გამარჯვებული გახდა ინდოელი არქიტეტორების ესრა გალიბ აჰმედისა და ალ მაშურის (Esra Ghalib Ahmed, Al Mashoor) პროექტი, სახელწოდებით „დასაკეცი სახლი უსახლკაროთათვის“.
„უსახლკარო ადამიანთა რიცხვის ზრდა ჩვენ სერიოზულად გვაფიქრებს. პროექტის განხორციელების ადგილად ინდოეთის ქალაქ კოჩის მატანჩერის რაიონი შევარჩიეთ. აქ მიწის 64% მთავრობამ შეისყიდა სახლების ასაშენებლად. ამ სახლების აშენებას 67 ოჯახი ელოდება.
ძირითად რესურსად ბეტონის მილები გამოვიყენეთ. თანაც, ჩვენი კონსტრუქცია, რომელიც სამი ბლოკისგან შედგება, დამატებით შეიძლება გაფართოვდეს როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური მიმართულებით, რაც საცხოვრებელი ფართის გაზრდის საშუალებას იძლევა ოჯახის საჭიროების მიხედვით“, - აღნიშნავენ პროექტის ავტორები.
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მსგავსი პროექტები დაეხმარება უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს, რათა მათ საზოგადოებისგან გარიყულებად არ იგრძნონ თავი.
თუ დაინტერესებული ხართ მშენებლობისა და რემონტის საკითხებით, სასარგებლო ინფორმაციას გაეცანით ვებგვერდებზე: