ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრმა მეიქათონი გამართა, რომლის მონაწილე სტუდენტები სამი დღის განმავლობაში კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობდნენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ღამის ეკონომიკა და ინოვაციური განათლება.
თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელის ნიკა მელქაძის თქმით, „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამოდენიმე ღონისძიება განახორციელა, მათ შორის არის მეიქათონი. მეიქათონი მოიცავს სამ სხვადასხვა სფეროში არსებულ პრობლემებზე სტუდენტების აქტიურ მუშაობას.“
სამდღიანი აქტიური სამუშაო პროცესის განმავლობაში მონაწილეებს სფეროებში არსებულ მდგომარეობაზე თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე, დეველოპერი, ჯეოლაბის ერთ-ერთი დამფუძნებელი სანდრო ასათიანი და "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი თამარ თორია ესაუბრნენ.
როგორც სერგი გვარჯალაძემ აღნიშნა, სტუდენტების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღამის ეკონომიკის პროექტის დ სხვა სფეროებისთვის. „სტუდენტების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ჩვენი სტეიკჰოლდერები არიან. ღამის ეკონომიკა თემატიზირებული იქნა მეიქათონზე და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თემები სტუდენტებს დააინტერესებთ და გამოსავალსაც მოძებნიან იმ პრობლემებიდან, რომელიც დღეს ღამის ეკონომიკის სფეროში გვაქვს.“- განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.
მეიქათონზე ორი გამარჯვებული იდეა გამოვლინდა ღამის ეკონომიკის და აგროსფეროს მიმართულებით. აგროსფეროში გაიმარჯვა გუნდმა „ნაგერალა“ (ნიკა კუპრაშვილი, გიორგი ლაცაბიძე, მარინე კარაგულიანი), ხოლო ღამის ეკონომიკაში გუნდმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ მეკო ანდღულაძე, მარი ჭარხალაშვილი, ლუკა ჩიტიანი, თემურ ბოლქვაძე, თაკო ბერაია.
ღონისძიების მიზანია მონაწილეებმა შეძლონ პრობლემების იდენტიფიცირება, მათი ეფექტური გადაჭრის იდეებზე მუშაობა და რაც მთავარია, ამ იდეების პროექტებად ქცევა. გუნდებს სამუშაოდ ყოველდღიურად 12 საათი ჰქონდათ. პერიოდულად მათ სამუშაოს აფასებდნენ სპეციალურად მოწვეული მენტორები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრმა მეციერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში სამი ღონისძიება განახორციელა - Storytelling - წერის ხელოვნება, 3D მოდელირებისა და ქორელის შემსწავლელი ვორკშოპი და მეიქათონი.