ანაკლიის პორტის პროექტი მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის „ანაკლია სითის“ მშენებლობასაც ითვალისწინებს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში პროექტის ხელმძღვანელობა ნოემბერში საქართველოში 40-მდე კომპანიის ჩამოსვლას ელოდება. პროექტის აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ბოჭორიშვილის ინფორმაციით, დაინტერესებული არიან იაპონური კომპანიები, რომლებთანაც უკვე გაფორმდა წინასწარი ხელშეკრულებები.
„იაპონიის ეკონომიკის სამინისტრომ გამოყო კონკრეტული გრანტი, რათა მოხდეს შესწავლა. უნდა ვნახოთ რამდენად მომხიბვლელია იაპონური კომპანიებისთვის საქართველო, კონკრეტულად ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა ღრმაწლოვან პორტთან ერთად, რათა მეტად მოხდეს იაპონური კომპანიების დამკვიდრება საქართველოში“ - განმარტა ქეთი ბოჭორიშვილმა „საქმიან დილაში“ საუბრისას.
„ანაკლია სითი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ შემდეგი 15 წლის განმავლობაში ათვისებული იქნება 500 ჰა მიწა, სადაც შეიქმნება 16 000 სამუშაო ადგილი.
მან ყურადღება გაამახვილა იმ საკითზეც, რომ ანაკლიის ინდუსტრიულ ზონაში შესაძლებელი იქნება გამზადებული შენობების დაქირავება და ასევე შენობების დამკვეთის მოთხოვნების მიხედვით აშენება. მოწესრიგებული იქნება ინფრასტრუქტურა, რაც ზონას მეწარმეთათვის უფრო მიმზიდველს გახდის.