საქართველოს პრეზიდენტს რუსეთის დუმიდან უპასუხეს: „თუ მათი სიტყვა და საქმე ერთმანეთს დაემთხვევა...“

საქართველოს პრეზიდენტს რუსეთის დუმიდან უპასუხეს: „თუ მათი სიტყვა და საქმე ერთმანეთს დაემთხვევა...“

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაერო-ში ვიზიტის შეჯამებისას რუსეთთან დიალოგზე გაკეთებულ განცხადებას ფედერაციის წარმომადგენელთა კომენტარები მოჰყვა. რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი პოზიტიურად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, თუმცა დიალოგზე წასასვლელად ერთ პირობას აყენებს, რომლის შესრულების გარეშეც, მისი განმარტებით, არაფერი გამოვა.

„არ შეიძლება, საქართველომ არ სცადოს დიალოგის გზა რუსეთთან და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში. ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ამ ტიპის კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, არსებობს ორი გზა - ერთი არის ომის, სამხედრო გზა, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით; მეორე არის დიალოგის და დიპლომატიის. არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს ეს გზა და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამის საპასუხოდ იური შვიტკინმა განაცხადა, რომ დადებითად აფასებს ზურაბიშვილის ინიციატივას, მაგრამ დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ პრეზიდენტი თავის პოზიციებს არ შეცვლის და ამ კურსის ერთგული იქნება:

„მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებით, რუსი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი ერის მიმართ კეთილგანწყობილია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ქართველი რადიკალის მხრიდან წამოსული რიტორიკა, ნეგატიური როლის მატარებელი აღმოჩნდა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობებისთვის", - ამბობს შვიტკინი.

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის უფროსის მოადგილემ დაასახელა ის პირობა, რომლის შეუსრულებლადაც, ორ ქვეყანას შორის კონსტრუქციული დიალოგი შეუძლებელი გახდება და დაამატა, რომ რუსეთი მზად არის საუბრისთვის:

„მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკამ მუდმივი და სისტემური ხასიათი ატაროს. რუსი ერი საქართველოსთვის მეგობრული და, პრაქტიკულად, მოძმე ერია... მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ლიდერის სიტყვები და მათი ნაბიჯები ერთმანეთს ემთხვეოდეს", - მიიჩნევს შვიტკინი.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ე.წ. გავრილოვის ღამის შეფასებისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „რუსეთი არის მტერი, რომელსაც ხელს აძლევს ქვეყანაში არეულობა".

ამის შემდეგ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა აიკრძალა და რუსეთის ლიდერის „რჩევით" ტურისტულ კომპანიებს შეეზღუდათ საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვა.