გია ხუხაშვილი:  კვირიკაშვილი პოლიტიკურად უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო, რათა ადვილად

გია ხუხაშვილი: კვირიკაშვილი პოლიტიკურად უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო, რათა ადვილად "შესაჭმელი" არ გამხდარიყო

კვირიკაშვილმა, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ძალიან ბევრი რამ უნდა იცოდეს. საზოგადოების გაჯანსაღებისთვის მას შეუძლია გარკვეული როლი ითამაშოს, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “2020NEWS”-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კვირიკაშვილი გამორჩეულად კარგი პრემიერი იყო, თუმცა იგი “ქართული ოცნების“ შიდა პარტიული “ინტრიგანებისა და მამაძაღლების“ მსხვერპლი გახდა.

“გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას და მე ეს მივიღე ცნობად. კვირიკაშვილის განცხადებები ჩემთვის სიახლე არ იყო და მისასალმებელია, რომ იგი ღიად საუბრობს. ვთვლი, იგი ამ ხელისუფლების პირობებში, გამორჩეულად წესიერი და კომპეტენტური პრემიერ-მინისტრი იყო, თუმცა ზედმეტად მიენდო სისტემას. იგი გარკვეულწილად ცდილობდა, რომ შიდა პოლიტიკურ საკითხებში არ ჩარეულიყო, რაც საბოლოო ჯამში შიდა ინტრიგანებისა და მამაძაღლების მხრიდან ოსტატურად იქნა გამოყენებული“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც “2020NEWS”-თან საუბარში ხუხაშვილმა განმარტა, კვირიკაშვილი პოლიტიკურად უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო, რათა ადვილად “შესაჭმელი“ არ გამხდარიყო.

“იმ პერიოდში კვირიკაშვილი პოლიტიკურად უფრო აქტიური რომ ყოფილიყო, ადვილად შესაჭმელი არ იქნებოდა. გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ძალიან ბევრი რამ უნდა იცოდეს. ალბათ იგი იმ სახელმწიფოებრივ მანკიერებებზე ისაუბრებს, რაც პრობლემების არის. საზოგადოების გაჯანსაღებისთვის მას შეუძლია გარკვეული როლი ითამაშოს და მე ამას მხოლოდ მივესალმები“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დუმილი დაარღვია და მედიასაშუალებებთან აქტიურად გამოჩნდა. როგორც მან რამდენიმე სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, არ გეგმავს აქტიურ პოლიტიკაში მოსვლას, თუმცა მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს გადამეტებული ძალაუფლება აქვს.

კვირიკაშვილმა გარკვეულ თემებზე საჯარო საუბარი დააანონსა.