„როგორ მოვიქცევით, ამას კენჭისყრის შედეგების შემდგომ დაინახავთ“,

„როგორ მოვიქცევით, ამას კენჭისყრის შედეგების შემდგომ დაინახავთ“,

„კონკრეტულად თამარ ალანიასთან დაკავშირებით, ეჭვი არ მეპარება, რომ კარგი დედა და პროფესიონალია. როგორ მოვიქცევით, ამას კენჭისყრის შედეგების შემდგომ დაინახავთ. ჯერ ვართ მოსმენის პროცესში," - აცხადებს „რეზონანსთან" „ქართული ოცნების" წევრი კობა კობალაძე პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენების შესახებ საუბრისას.

კობალაძე არ აკონკრეტებს კენჭისყრის დროს კონკრეტულად მოსამართლეობის რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს და ვის - არა.

„ჯერ მოსმენები დამთავრდეს. ამისდა მიხედვით - ანალიზის, მოსმენილი პასუხების, ბიოგრაფიის და ა.შ. გადავწყვეტ ვის დაუჭერს მხარს და ვის - არა. იმიტომ ჩაინიშნა მოსმენები, რომ არის დეტალური ინფორმაციის მოძიება, მიღება და გაცნობა საჭირო. ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით ჩვენ გადაწყვეტილებაზე," - განაცხადა კობა კობალაძემ.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლე თამარ ალანიას მოსმენისას დეპუტატმა კობალაძემ მას გახმაურებულ მუხროვანის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე მწვავე კითხვა დაუსვა. კობალაძემ პრაქტიკულად გამოხატა თავისი პოზიცია, რომ ალანიას არ ეკუთვნის უვადოდ მუშაობა უზენაეს სასამართლოში.

შეგახსენებთ, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა 7 ოქტომბერს განახლდება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მოსმენები საკომიტეტო კვირაში ანბანური თანამიმდევრობით გაგრძელდება და უახლოეს სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატ მაია ვაჩაძეს მოუსმენენ.