შორენა პაპაშვილი:  ღმერთო, დაიფარე ჩვენი შვილები მათივე თანატოლებისგან

შორენა პაპაშვილი: ღმერთო, დაიფარე ჩვენი შვილები მათივე თანატოლებისგან

ღმერთო, დაიფარე ჩვენი შვილები მათივე თანატოლებისგან - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი შორენა პაპაშვილი.

16 წლის ბიჭს უბნის უსაქმურებმა მობილური წაართვეს და ლომბარდში ჩააბარეს. იმავე დღეს სხვა უბანში დაიბარეს, ერთ-ერთი სახლის სახურავზე აიყვანეს, სცემეს და ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოაგდეს.

ხან 13 მოზარდი დანით ჩეხავს თავის თანატოლს, ხან სახურავიდან აგდებენ, აღარ არის დრო, რომ დიდიან პატარაიანად დავფიქრდეთ, რა ჭირი გვჭირს?! უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი აღვადგინეთო, სად არიან მერე უბნის "კუკარაჩები"? იქნებ ის დროა, ყველამ ვიკუკარაჩოთ? იქნებ, ის დროა შვილები რამით დავაინტერესოთ, რამე საქმე გამოვუძებნოთ, იქნებ, ის დროა, სახელმწიფომ ქუჩური მენტალიტეტის მოსპობა ერთ-ერთ პრიორიტეტად აქციოს, ტერორით კი არა, სოციალური კამპანიებით.

ახლობელი ჩამოვიდა შვედეთიდან, ემიგრაციაში გაქცეული შვილებისა და შვილიშვილების მოსანახულებლად იყო და გაოგნებული ყვებოდა იქაურ ამბებს. სახელმწიფო, მთელი საზოგადოება, როგორ არის მომარჯვებული მოზარდების აღზრდაზე, რომ ქუჩაში უსაქმურად მდგარ ერთ ახალგაზრდასაც ვერ დაინახავ. ასწავლიან, სხვადასხვა პროფესიაში ახელოვნებენ, ხელფასით ახალისებენ... ვაი, რომ ძალიან შორს ვართ ასეთი საზოგადოებისგან, ასეთი ქვეყნისგან. და ვინ იცის კიდევ, რამდენად შორს.

კუდში დავდევ შვილებს, ჩემი თვალსაწიერის არედან ვერ ვუშვებ, არა იმიტომ, რომ მათ არ ვენდობი, არა. თქვენ არ გენდობით, ჩვენო ძვირფასო საზოგადოებავ. მოზარდების მიერ საქმის გარჩევას რომ დაინახავთ და თვალს არიდებთ, არადა რომელ უბანში გინდა გაიარო, რომ მარიხუანის სუნით არ დაიხრჩო. დღეს, საღამოს, გაზის ქალმა ინკასატორმა შემოირბინა ჩემთან. ჩქარობდა, - დილით არ იყავით სახლში და საღამოს მომიხდა მოსვლა. ქუჩაში მარიხუანის სუნი იფრქვევა და მეშინია ხოლმე ასეთ უბნებში საღამოს საათებში სიარულიო.

და ჩვენ გვაქვს უსაფრთხო ქვეყანა? ჩვენ ვართ განვითარებული საზოგადოება? ღმერთო, დაიცავი ჩვენი შვილები მათივე თანატოლებისგან, გულგრილი ხელისუფლებისგან და კიდევ უფრო უგულო საზოგადოებისგან.