ცქიტიშვილი ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრაზე:  მზად ვართ დიალოგისთვის, თუნდაც ყველაზე მიუღებელ მტერთან

ცქიტიშვილი ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრაზე: მზად ვართ დიალოგისთვის, თუნდაც ყველაზე მიუღებელ მტერთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, დავით ზალკალიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრა წინ გადაგმული ნაბიჯია.

“მთავრობაში არსებობს ზოგიერთი ისეთი თანამდებობა, რომელიც ცალსახად მიმართულია, რომ ისაუბროს არამხოლოდ პარტნიორებთან, არამედ ასევე მტრებთანაც. ერთ-ერთი მთავარი ასეთი პოსტი არის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ევალება გარკვეულ საკითხებში იყოს საქართველოს წარმომადგენელი, განახორციელოს თუნდაც მოლაპარაკებები მტრებთან. ეს დიპლომატიის ჩვეულებრივი ნაწილია. რაც შეეხება ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას, იქ იჯდა მესამე მხარე თუ არ იჯდა, ეგ ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ ფაქტია, როგორც გაეროს სულისკვეთება არის, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა ისაუბრონ და ეცადონ, ყველაზე პოლარიზებული პოზიციებიც კი დააახლოვონ. ფაქტია, რომ ეს მოხდა გაეროს შტაბ-ბინაში, ფაქტია, რომ ამას მხარს უჭერს ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ფაქტია ისიც, რომ ეს იყო შეთანხმებული პროცესი. ცალსახაა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან იყო გადადგმული. თუ ეს მოიტანს მნიშვნელოვან შედეგებს, ძალიან კარგია. ჩვენი მხრიდან ეს იყო კიდევ ერთი გამოვლინება, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის თუნდაც ყველაზე მიუღებელ მტერთან იმისთვის, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზნები იყოს მიღწეული“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ,ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გუშინ შეხვდა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა: „სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ლავროვთან შეხვედრა იქნებოდა პირველი შესაძლებლობა, ასეთ დონეზე რუსეთისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი“.