გიგა ბოკერია:  ბაზარზე ლარი 3-იანის ნიშნულს ასცდა, რაც ჩვენს ყველა მოქალაქეს ურტყამს - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მავნებლური ინიციატივების ნაწილი გააუქმოს

გიგა ბოკერია:  ბაზარზე ლარი 3-იანის ნიშნულს ასცდა, რაც ჩვენს ყველა მოქალაქეს ურტყამს - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მავნებლური ინიციატივების ნაწილი გააუქმოს

პარტია "ევროპული საქართველო" ლარის კურსის გაუფასურებას ეხმაურება და ხელისუფლებას საბანკო და საპენსიო რეგულაციების გაუქმებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება ბრიფინგზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.

გიგა ბოკერიამ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც დღეს ქვეყანაში არსებული ვითარება შეიქმნა და განაცხადა , რომ აღნიშნული ივანიშვილის გუნდის არაკომპეტენტურობის შედეგია.

"ჩვენ დღეს ვიხილეთ კიდევ ერთი შემაშფოთებელი მოვლენა, ეს სიმბოლურადაც და არსებითადაც გახლავთ კიდევ ერთი ზღვრის გადალახვა ლარის კურსთან მიმართებაში. ბაზარზე ლარი ასცდა 3-იანის ნიშნულს, ლარის რყევა და არასტაბილურობა გრძელდება, რაც პირდაპირ და ირიბად ურტყამს ყველა ჩვენს მოქალაქეს, ჩვენს შემოსავლებს და ჩვენს გეგმებს ცხოვრებაში. ვგულისხმობ პირველ რიგში ყველაზე უფრო გაჭირვებულ ადამიანებს, მაგრამ ყველას, საშუალო და საშუალოზე მაღალ კლასსაც. ეს ვითარება არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის გუნდის არაკომპეტენტური და მავნებლური პოლიტიკის მთელი ამ წლების განმავლობაში: გადასახადების ზრდის, საპენსიო გადასახადების დამატების, მავნებლური და უაზრო რეგულაციების ზრდის, ბიუროკრატიის ზრდის, სრული აბსურდის,რასაც საბანკო რეგულაციები ჰქვია. ვითომ უფრთხილდებიან ხალხს და სინამდვილეში განკარგავენ ჩვენ ნაცვლად ჩვენ ცხოვრებას ჩვენი კეთილდღეობის საზიანოდ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ,რომ ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლამდე ამ ვითარებას არაფერი ეშველება. „ევროპული საქართველოს"და სხვების მრავალი მოწოდების მიუხედავად, გადასახადების დაწევას არ აპირებენ. ეს ფული თავისთვის არჩევნებისთვის, საკუთარი კეთილდღეობისთვის უნდათ. ამას დაემატა ის პოლიტიკური ვითარება და კრიზისი, რომელიც ივანიშვილმა და მისმა გუნდმა შექმნა. მხოლოდ „გავრილოვის ღამე“ არ იგულისხმება ამაში და იგულისხმება ბიზნესის მიმართ გადადგმული დრაკონული ნაბიჯები. ანაკლიის კრიზისი, სადაც კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროექტზეც კი პირდაპირ ივანიშვილის მითითებით დაიწყო დევნა და ამ ყველაფერმა შექმნა კლიმატი,რომელიც პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ვითარებაზე - დაბალი ზრდა, გაზრდილი გადასახადები და მერყევი კურსი“, - განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ სკანდალური ნაბიჯი, როცა მთავრობამ ვერ აითვისა კრედიტი, რომელიც დოლარში უნდა ჰქონოდა, 120 მილიონი და დამატებით იღებს შიდა ძვირ ვალს.

„მოვუწოდებთ, რომ მავნებლური ინიციატივების ნაწილი მაინც, მაგალითად: საბანკო რეგულაციები, რაზეც „ოცნების“ გუნდის წარმომადგენლებსაც კი წამოსცდათ , რომ არის მავნებლური, საპენსიო გადასახადი, რომელიც რეფორმა კი არა გაძვირებაა ცხოვრების, უაზრო, ბრიყვული, დედოლარიზაციის რეგულაციები, რაც ურტყამს ეკონომიკას და ჩვეულებრივი ადამიანების შემოსავალს- ეს მაინც გააუქმონ. საკუთარი ძალაუფლების დაკარგვამდე არ არიან მზად, რომ საგადასახადო ტვირთი შეუმცირონ ხალხს და ჯიბიდან ნაკლები ფული ამოუღონ. მათი დამარცხების შემდეგ ამ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ",-აცხადებს ბოკერია.