დღეს რუსეთს აუცილებლად სჭირდება საქართველოსთან ან უკრაინასთან, ან ორივესთან ერთად დაათბოს ურთიერთობა, თუმცა ისე, რომ არსებული ვითარება არ შეცვალოს, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ვახტანგ ძაბირაძემ აღნიშნა, ამ შეხვედრიდან საქართველოსთვის რაიმე სასიკეთო შედეგს არ ელოდება. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების ინტერესს, როგორც ექსპერტი ამბობს, ეს შეხვედრა შეიძლება 2020 წლის არჩევნების კონტექსტშიც განვიხილოთ.
„ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ეს შეიძლება ერთ-ერთი ფაქტორია, რომლითაც მას პრორუსული ხმების მობილიზება უნდა და სჭირდება.
რაც შეეხება ზოგადად, რუსეთთან ურთიერთობას, თავი რომ დავანებოთ ისტორიას, ბოლო 30 წლის განმავლობაში უამრავჯერ გვქონდა მცდელობა მათთან დიალოგის, რომელიც ყოველთვის, სამწუხაროდ, მთავრდებოდა იმით, რომ რუსეთი ჩვენთვის მიუღებელ სვლებს აკეთებდა,“- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
მისივე თქმით, რაიმე დათმობას რუსეთის მხრიდან, მით უმეტეს, არ უნდა ველოდოთ ორმხრივი შეხვედრების ფორმატში, რადგან თუ მას ამის გაკეთება სურს, მისთვის გაცილებით მომგებიანი იქნება ჟენევის ფორმატი.
„რუსეთს თუ მართლა რეალურად უნდა გარკვეულ დათმობაზე წასვლა, მისთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა ეს მოხდეს არა საქართველოსთან დიალოგში, არამედ სწორედ ჟენევის ფორმატში. მათ ამით ექნებათ იმის საშუალება, რომ დასავლეთს გაუწიონ პოლიტიკური ანგარიში. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ დღეს რუსეთს აუცილებლად სჭირდება საქართველოსთან ან უკრაინასთან, ან ორივესთან დაათბოს ურთიერთობა, თუმცა ისე, რომ არსებული ვითარება არ შეცვალოს, დატოვოს ისე როგორც არის, ასე რომ მოლოდინი მე არაფრის მაქვს,“- აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.
ვახტანგ ძაბირაძე ამ საკითხზე დასავლეთის გამოხმაურებასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მეგობრები საჯაროდ სხვაგვარ განცხადებას ვერ გააკეთებდნენ.
„საჯაროდ იმის თქმა, რომ არ მიესალმება დიალოგს, გამორიცხულია. ამასთანავე, ამ პოზიციიდან დასავლეთს საშუალება ეძლევა მეტ-ნაკლებად დისტანცირება მოახდინოს ამ ჩიხური პროცესისგან და ეს მეორე პრობლემაა, რომ გარკვეულწილად ამის საშუალებას ვაძლევთ. ასე რომ, შეფასება, რომ რაღაც სასიკეთოს უნდა ველოდოთ, არის ყოვლად მიუღებელი,“- აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.
შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით კი, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს, ასევე, გაცვალეს აზრები რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემატიკასთან დაკავშირებით.
რომელი ჯობია, ვყოფილიყავით სნგ-ში შეზღუდული სუვერენიტეტით, 1988 წლის საქართველოს სსრ ტერიტორიალური მთლიანობით, 5,3 მმილიონი მოსახლეობით თუ ახლა რომ ვართ ეფემერული პოლიტიკური სუვერენიტეტით, საგარეო და საშინაო ვალებში ჩაფლული, მოსახლეობისგან დაცლილი, ტერიტორიებ დაკარგული .... ?!
ხო, აბა გვითხარით რომელი სჯობს?!