„ბაბუაჩემმა ტელევიზორს აუწია. ქალმა, თქვა: სოხუმი დაეცა, ხარი დაჭრილია!“ - გიორგი კეკელიძე ბავშვობის ემოციებს იხსენებს

„ბაბუაჩემმა ტელევიზორს აუწია. ქალმა, თქვა: სოხუმი დაეცა, ხარი დაჭრილია!“ - გიორგი კეკელიძე ბავშვობის ემოციებს იხსენებს

მწერალი, ბლოგერი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებულ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„26 წლის წინ, მახსოვს, ჩვეულებრივ, ოთახში ვისხედით. შეიძლება ყველა, შეიძლება ყველა არა და ზოგიერთი, ბაბუაჩემი კი ნამდვილად და ბაბუაჩემმა ტელევიზორს აუწია. ქალმა, რომლის სახელსაც ახლა ვერ ვიხსენებ და ვერც სახესაც, თქვა: სოხუმი დაეცა, ხარი დაჭრილია! ბაბუაჩემმა თავზე შემოირტყა ხელი და გავიდა. მე ზუსტად ვერ მივხვდი რა მოხდა, ანუ უფრო უკეთ რომ ვთქვათ – ვერ შევიგრძენი. ერთი, რაც ომს ნიშნავდა ჩემთვის, სოფლებში, ზოგიერთ შესახვევში ახალი მინიშნებები იყო – ბრძოლაში დაღუპულის სახელობის უბანი. და მერე იმ დაღუპულზე ჩუმი საუბრები შინ. იმ დაღუპულზე და მის უბედურ დედაზე.

მე ის თაობა ვარ, ვისაც აფხაზეთი ფოტოებით თუ უნახავს. ამიტომაც მეც და სხვებსაც, ჩემზე უმცროსებსაც, უნდა გამოვტყდეთ და ყოველდღიური მეცადინეობა გვჭირდება, რომ განცდა ცოდნას შევუთავსოთ და ხმამაღლა ვთქვათ – ,,აფხაზეთი საქართველოა!''. ისიც უნდა ვაღიაროთ, რაც დრო გადის, მომდევნო თაობას უფრო უნელდება ამ ,,მეცადინეობის'' სურვილი.

ამიტომაც ასეთი დღეები შეხსენების დღეებადაც უნდა იქცეს:

1) რომ გვყავს უამრავი გმირი, ვინც საკუთარი თავი გასწირა, იმისთვის, რომ მაგალითად; მე ახლა ამას ვწერდე და თქვენ კითხულობდეთ

2) რომ გვყავს არა უამრავი, მაგრამ მაინც გვყავს ადამიანები, ვინც ნადავლით დაბრუნდა საკუთარი სამშობლოდან, რომელიც მანვე გაძარცვა

3) რომ გყავს უამრავი იძულებით გადაადგილებული მოქალაქე, რომელთა სახლები და ბავშობის ადგილები ახლა მხოლოდ სიზმრებსღა შემორჩათ

4) რომ ეს ომი რუსეთმა მოაწყო და მხოლოდ რუსეთმა იხეირა

5) რომ არსებობს სიტყვა ,,ხვალ''

6) რომ ხვალ ჩვენ და აფხაზებმა იმ მიწაზე ერთად უნდა ვიცხოვროთ, ამიტომაც #მშიბზია არც კეკლუცობაა და არც თავის მოტყუება. ადვილიც არ არის, ვიცი. განსაკუთრებით მათთვის, ვისი სისხლი და ხორცი მიწაში წევს. ადვილი არა არის, მაგრამ ერთადერთი და აუცლებელია

7) მშიბზია!“ - წერს გიორგი.