გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების 2008 წლის შემდეგ გამართულ პირველ შეხვედრას მიესალმება. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის, სტეფან დიუჟარიკის განცხადებაშია ნათქვამი.
„გაერო-ს გენერალური მდივანი მიესალმება საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც 26 სექტემბერს შედგა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შვეიცარიის შუამავლობით“, – განაცხადა დიუჟარიკმა.
შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით კი, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს, ასევე, გაცვალეს აზრები რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემატიკასთან დაკავშირებით.