პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაურის თქმით, თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ეს ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა.
“თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, არ აქვს მნიშვნელობა თაობას, ეს ის დღეა, როდესაც 26 წლის წინ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. რა თქმა უნდა, ამის შემდგომ ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ. გავიზარდეთ, როგორც ჩვენ, ასევე აფხაზები. ბევრი რამ გვაერთიანებს და გვაერთიანებს იმის გაგება და შეგრძნება, რომ ომი იყო ჩვენი ყველაზე დიდი ტრაგედია. ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შემდგომში უნდა ავაშენოთ ერთიანი სახელმწიფო. ეს არის კიდევ ერთი ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა არის ის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ, ომი არ არის გამოსავალი. 24-საათიანი მძიმე შრომა, ქვეყნის აშენება, დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი საქართველო, ერთიანი საქართველო, ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთად უნდა ვემსახუროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, 29 სექტემბერს - ოჩამჩირე, 30 სექტემბერს კი - გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 27 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია.