მენაღარიშვილი: „ლავროვი აშკარად თვალთმაქცობს... ამ განცხადებით ვერ მივხვდებით ისინი რეალურად რას აპირებენ“

მენაღარიშვილი: „ლავროვი აშკარად თვალთმაქცობს... ამ განცხადებით ვერ მივხვდებით ისინი რეალურად რას აპირებენ“

„ეჭვი არავის ეპარება, რომ რუსეთის მიზანი სწორედ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკული ინტეგრაციის გზით სვლის შეჩერება გახლავთ და, გარკვეულად, ეს მიზანი მიაღწიეს. მათ შეაფერხეს ეს სვლა და გააჩინეს კიდევ დამატებითი ბარიერი ამ გზაზე", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან"ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე რუსეთის რეაქციის შესახებ.

სერგეი ლავროვმა რუსულ „კომერსანტთან" ინტერვიუში საქართველოს ნატო-ში გაერთიანების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხის დახურვა, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" „დამოუკიდებლობის" აღიარებით რუსეთის მიზანი არ ყოფილა. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთი ომს არ დაიწყებს, თუმცა, მისივე ნათქვამით, ნატო-ს მოახლოება მათ საზღვრებთან რუსეთს საფრთხეს უქმნის.

მენაღარიშვილი ამბობს, რომ ლავროვის ეს განცხადება თვალთმაქცურია, რადგან რეალურად რუსეთის მიზანი სწორედ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შეფერხებაა.

„ამ განცხადებით ვერ მივხვდებით ისინი რეალურად რას აპირებენ. ლავროვი აშკარად თვალთმაქცობს, როდესაც ამბობს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოვლენებსა და იმას, რაც რუსეთმა ჩაიდინა 2008-ში, არავითარი კავშირი საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან არ აქვს. ეს რა თქმა უნდა ყალბი განცხადებაა. ეჭვი არავის ეპარება, რომ რუსეთის მიზანი სწორედ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკული ინტეგრაციის გზის სვლის შეჩერება გახლავთ, და გარკვეულად მათ ეს მიზანი მიაღწიეს, მათ შეაფერხეს ეს სვლა და გააჩინეს კიდევ დამატებითი ბარიერი ამ გზაზე.

„არც იმის დაჯერება შეიძლება, რომ რუსეთი მშვიდად იქნება და არაფერს გააკეთებს, ხელს არ გაანძრევს, როგორც ლავროვმა თქვა. რას გააკეთებს რუსეთი - ამ ნაბიჯების პროგნოზირება ძალიან ძნელია, მაგრამ მათი რეაქცია რომ ყოველ შემთხვევაში უკმაყოფილო და ნეგატიური იქნება, ეს ეჭვს არ იწვევს.

„განცხადება იმის შსახებ, რომ ეს უბრალოდ მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს იმ პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარეობს, რომელიც რუსეთს არაერთხელ განუცხადებია არა მარტო საქართველოს ნატოს დაახლოებაზე, არამედ საერთოდ დასავლეთის დამოკიდებულებაზე პოსტ საბჭოთა სივრცისადმი", - განაცხადა მენაღარიშვილმა.