საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს.
ხაზარაძე მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, როცა პუტინი აწერს ხელს და გამოყოფს თანხებს აფხაზეთში შეიარაღების გასაძლიერებლად, ამის საწინააღმდეგოდ ყველა გაერთიანდეს.
„ხვალ, 26 წელი გადის, რაც ჩვენ დროებით, მაგრამ დავკარგეთ სოხუმი და აფხაზეთი, დავკარგეთ ჩვენი ძმები. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვართ იმ მდგომარეობაში, როცა არ გვაქვს ერთიანი, სახელმწიფოებრივი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს თავს ხდება, რასაც რუსეთი, როგორც ოკუპანტი ახორციელებს ჩვენი ქვეყნის მიმართ.
ჩვენ, „ლელოელები“ მოვუწოდებთ ყველას, ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოზიციას თუ ოპოზიციას, ამ საკითხებში, როცა პუტინი აწერს ხელს და გამოყოფს თანხებს აფხაზეთში შეიარაღების გასაძლიერებლად, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ამის საწინააღმდეგოდ გაერთიანებულები. მე ამ სიტუაციაში არ მაინტერესებს ვინ, რა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. ეს არის ჩვენზე მაღლა. ეს ეხება ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს და ეს ნაბიჯი ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესის წინააღმდეგ არის. მოვუწოდებთ ყველას, გადავდოთ ყველანაირი ამბიცია და შევთანხმდეთ თუნდაც რამდენიმე საკითხზე, რომელშიც ვიქნებით ერთიანი და უკომპრომისოები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.