რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ის საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის მომხრეა. ამის შესახებ მან გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ალბათ, მე ამ ფრენებს დავაბრუნებდი. მგონია, რომ ეს იქნება სწორი, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გაიაზრა იმ პროვოკაციული გამოხტომის კონტრპროდუქტიულობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა, მაშინ როდესაც დარბაზში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობდა. ოპოზიციურმა პარტიებმა მაშინ უხეშად ჩაშალეს ეს ღონისძიება და შემდეგ რუსეთს დააბრალეს რაღაც ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რამაც ვითომდა, გააჩაღა რუსოფობიური კამპანია“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისივე თქმით, რუსეთს 2019 წლის ზაფხულში უკვე ჰქონდა მზად საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება. თუმცა, ლავროვის განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვამ ეს პროცესი „უკან წაწია“.
„მე იმედი მაქვს, რომ ამ პროცესმა დროებით წაიწია უკან. საქართველოში გაჩნდა და პოზიციებს იმყარებენ საღი აზრის მქონე პოლიტიკოსები. ვნახოთ, როგორ წავა საქმეები“, – განაცხადა ლავროვმა.