სტუდენტი, რომელმაც დახურული ჯგუფის კომენტარში ლექტორს შეურაცხყოფა მიაყენა, სასამართლომ ხულიგნად სცნო

სტუდენტი, რომელმაც დახურული ჯგუფის კომენტარში ლექტორს შეურაცხყოფა მიაყენა, სასამართლომ ხულიგნად სცნო

სტუდენტისა და ლექტორის სკანდალური საქმე სასამართლოში პრეცედენტული გადაწყვეტილებით დასრულდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, ბუბა ნაჭყებიას ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა გიორგი გორაშვილმა სასამართლოში უჩივლა. ის სტუდენტს 166-ე მუხლით ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

საქმის წარმოება ივლისში დაიწყო, მას შემდეგ რაც სტუდენტმა სოციალური ქსელის დახურული ჯგუფის კომენტარში ლექტორს შეურაცხყოფა მიაყენა.

დღეს მეხუთე მოსმენით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ გადაწყვეტელება გამოაცხადა. მან ბუბა ნაჭყებია 166-ე მუხლით ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და სასჯელის ზომად შენიშვნა დაუწესა.

„25 სექტემბერი, ქართული მართლმსაჯულების მორიგი სირცხვილი!!!

დღეს ქართულმა მართლმსაჯულებამ აგვიკრძალა სოციალურ ქსელებში, დახურულ ჯგუფებში კომუნიკაცია და გამყიდველი, რუსეთუმე, კომუნისტი, ოდეერი, სუს-ის აგენტი და ჩანერგილი პროფესორ-აკადემიკოსების ლანძღვა პირველმა ინსტანციამ დაუშვებლად ცნო.

მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა მოსამართლეობის საცდელ ვადაშივე მოაწერა ხელი კომუნისტურ იდეოლოგიებს", - წერს სოციალურ ქსელში სტუდენტი ბუბა ნაჭყებია.

სტუდენტის ადვოკატის ცნობით, ისინი სააპელაციოში აპირებენ საქმის გაგრძელებას და ასევე გამოაქვეყნებენ საქმის მასალებს, ოქმებს და სარეზოლუციო დადგენილებას.

გარდა ამისა, ადვოკატის ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დატოვა ლექტორმა გიორგი გორაშვილმა. მათი ცნობით, გორაშვილმა წასვლაზე განცხადება თვითონ დაწერა.