„რუსთავი 2“-ზე მთავარი საინფორმაციო გამოშვება ახალი ქუდით გავიდა ეთერში. ის არხის 25-წლიანი ისტორიის ქრონოლოგიას ასახავდა. ერთთვიანი პაუზის შემდეგ კი „კურიერი 9-ზე“ არხის აღმასრულებელმა დირექტორმა წარადგინა.
„რუსთავი 2“ -ის 25-წლიანი ისტორია გრძელდება. ამ არხმა კიდევ ერთი კრიზისი გადალახა და თავისი სიძლიერე დაამტკიცა. დღეიდან „კურიერის“ პროფესიული ფასეულობები სარედაქციო მიუკერძოებლობაა. ჩვენ არ ვიქნებით არცერთი პოლიტიკური თუ ბიზნესჯგუფის მხარეს. „კურიერი“ არ იცრუებს, არ მოახდენს ფაქტებით მანიპულირებას. ჩვენი მისიაა ვიყოთ დემოკრატიული ფასეულობების სადარაჯოზე, ჩვენი ამოცანაა დავაჩქაროთ ევროპაში ინტეგრაცია. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოსთვის ევროპული არჩევანი უალტერნატივოა. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარზე. ლარის გაუფასურება ამძიმებს ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენ ამ პრობლემებზე რეაგირებას ყოველდღე მოვახდენთ. ჩვენი მთავარი სიძლიერე თქვენი ნდობაა. ჩვენ ვართ „რუსთავი 2“ და ეს „კურიერია“ - თქვა ირაკლი იმნაიშვილი.
20 აგვისტოს დღისით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ „კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ ტელეკომპანია დატოვა.
22 აგვისტოს არხის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა გადაცემა P.S -მა.
ჟურნალისტების წასვლის გამო, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა ეთერში აღარ გასულა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-ანი წილის მფლობელმა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს არხის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.
26 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა.
ამ დროის განმავლობაში არხის ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები გვარამიას და კეზერაშვილის შექმნილ ახალ ტელევიზიაში გადანაწილდნენ. ნაწილი კი „რუსთავი2“-ზე დარჩა.
შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში პროტესტის ნიშნად დატოვეს კურიერის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. არხი ასევე დატოვა თანამშრომლების დიდმა ნაწილმა. მას შემდეგ არხზე საინფორმაციო გამოშვება არ გასულა.