ვბრუნდები, რადგან ეს ტელევიზია არ უნდა იყოს გათიშული - „რუსთავი 2“-ზე კურიერი ნათია ლაზაშვილთან ერთად გავიდა

ვბრუნდები, რადგან ეს ტელევიზია არ უნდა იყოს გათიშული - „რუსთავი 2“-ზე კურიერი ნათია ლაზაშვილთან ერთად გავიდა

„ზუსტად 13 წლის შემდეგ „რუსთავი 2“ -ზე თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად. საღამო მშვიდობისა“ - ასე დაიწყო „კურიერის“ მთავარი გამოშვება ძველმა რუსთავი 2-ელმა, ნათია ლაზაშვილმა არხის ერთთვიანი პაუზის შემდეგ.

„24 წლის წინ მე ვიყავი ჟურნალისტი, რომელმაც, რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებთან ერთად პირდაპირ ეთერში გაიყვანა „რუსთავი 2“ -ის საინფორმაციო სამსახური. ზუსტად 13 წლის წინ კი მე ამ ტელევიზიის დატოვება მომიხდა.

მე ვბრუნდები რადგან ვთვლი, რომ ეს ტელევიზია არ უნდა იყოს გათიშული, ეს სტუდია კი ჩაბნელებული, დავბრუნდი რათა ჟურნალისტებს და ამ არხზე მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ მოტივაცია თავისუფლად აკეთონ თავიანთი საქმე“ - თქვა ლაზაშვილმა.

20 აგვისტოს დღისით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ „კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ ტელეკომპანია დატოვა.

22 აგვისტოს არხის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა გადაცემა P.S -მა.

ჟურნალისტების წასვლის გამო, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა ეთერში აღარ გასულა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-ანი წილის მფლობელმა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს არხის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

26 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა.

ამ დროის განმავლობაში არხის ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები გვარამიას და კეზერაშვილის შექმნილ ახალ ტელევიზიაში გადანაწილდნენ. ნაწილი კი „რუსთავი2“-ზე დარჩა.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში პროტესტის ნიშნად დატოვეს კურიერის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. არხი ასევე დატოვა თანამშრომლების დიდმა ნაწილმა. მას შემდეგ არხზე საინფორმაციო გამოშვება არ გასულა.