მოკლული პოლიციელის, თარაშ მუკბანიანი დეიდა, ნინო ოდიშარია არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილის მეუღლემ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებაზე თანხმობა დაშინების შემდეგ განაცხადა. გარდაცვლილის დეიდა იხსენებს, რომ დევაძის მოძღვარი მოკლული პოლიციელის მეუღლეს ბინის ყიდვას სთავაზობდა, თუ ის შეწყალებაზე თანხმობას განაცხადებდა.
„შეიძლება ადგილი ჰქონდა გარდაცვლილის მეუღლის დაშინებას, თამარი შეწყალებაზე თანხმობას ისე არ მისცემდა. შეიძლება დაუცველად იგრძნო თავი. ორი წლის წინ მოსული იყო დევაძის ადვოკატი და მისი მოძღვარი. ადვოკატი უკან გავაბრუნე და არ ვალაპარაკე, მაგრამ სასულიერო პირმა მითხრა, რომ თუ თანახმა იქნებით თარაშის ბავშვებს სახლს უყიდიანო. ვუთხარი, არა მამაო, თქვენი დისშვილის მკვლელი რომ იყოს შეიწყალებდით-მეთქი? ბინას სთავაზობდნენ. შესაძლებელია ახლაც შესთავაზეს მოკლულის მეუღლეს ბინის ყიდვა. არ ვიცი, რის ფასად შეიძლება გაყიდო ადამიანი?“ - განუცხადა პრაიმტაიმს ნინო ოდიშარია.
პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე პრეზიდენტმა მოკლულის მეუღლის თანხმობით შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ დევაძის ადვოკატმა, თეონა ქორიძემ დაუდასტურა.
თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიაში მოხვდა. მკვლელობა 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.