პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე პრეზიდენტმა მოკლულის მეუღლის თანხმობით შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია დევაძის ადვოკატმა, თეონა ქორიძემ დაადასტურა.
„შეწყალების საქმეში ნამდვილად დევს დაზარალებულის თანხმობა. საუბარია გარდაცვლილის მეუღლეზე. ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარვადგინეთ სხვა შუამდგომლობებიც, რეკომენდაციები და რა თქმა უნდა, წარდგენილი იყო დაზარალებულის ოფიციალური თანხმობაც. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გასაკვირი და გაუგებარია რამაზ დევაძის შეწყალების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი“, - განუცხადა "პრაიმტაიმს" დევაძის ადვოკატმა.
პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიაში მოხვდა. მკვლელობა 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.