ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში შესაძლოა EBRD - ი ჩაერთოს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში შესაძლოა EBRD - ი ჩაერთოს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში შესაძლოა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) ჩაერთოს. ამის შესახებ EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინკმა „ტვ პირველის ეთერში“ გადაცემა “ანალიტიკასთან“ განაცხადა.

“ჩვენ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, ჩავერთოთ ანაკლიის პროექტის განხორციელებაში, თუ მივაგნებთ კომერციულად გამართულ გადაწყვეტას”,- განაცხადა რიგტერინკმა.

EBRD-ის პირველი ვიცე- პრეზიდენტი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაც განიხილეს.

„გუშინ სომხეთში მქონდა შეხვედრები - იქაურ მთავრობასთან და ბიზნესწრეებთან და ისინიც გვარწმუნებდნენ, ეს  პროექტი ღირებულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“ - აცხადებს EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

კითხვაზე - რა ტიპის ჩართულობა იგულისხმება ანაკლიის პროექტში EBRD-ის მხრიდან და რას ნიშნავს უფრო კონკრეტულად კომერციულად გამართული გადაწყვეტა - EBRD-ის პირველი ვიცეპრეზიდენტი გვპასუხობს, რომ დეტალებს ჯერ ვერ გვეტყვის.

„ჯერ უნდა ვიცოდეთ, რას წყვეტს მთავრობა, რას წყვეტენ ამ პროექტის სპონსორები“ - ამბობს იურგენ რიგტერინკი და განმარტავს: „იდეალურ სიტუაციაში, შესაძლოა, EBRD-ის მხარდაჭერა საჭირო არც გახდეს, რადგან ჩვენ განვითარების ბანკი ვართ. EBRD მხოლოდ მაშინ ერთვება საქმეში, როდესაც კომერციულ ბაზარს არსებული პოტენციალის ათვისება არ შეუძლია. ჩვენ ამას ასე ვუწოდებთ - ჩნდება დამატებითი ჩართულობის საჭიროება. ჩვენ ვუთხარით პრემიერმინისტრს, რომ თუ ანაკლიის პროექტთან მიმართებით კომერციული ბაზრის დანაკლისი ვერ შეივსება, მზად ვართ, ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩვენი როლი შევასრულოთ“. შეგახსენებთ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მთავრობას ინვესტორებთან საბოლოო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია 15 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს. მთავრობა ამბობს, რომ კონსორციუმმა ასევე უნდა მოაგვაროს საკუთარი კაპიტალის შევსების საკითხი, ჩაანაცვლოს „კონტი ჯგუფი“ და წარმოადგინოს ბანკებთან საბოლოო შეთანხმება, რასაც მხოლოდ ამ ბანკების სამეთვალყურეო საბჭოების თანხმობა დასჭირდება.