საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“

საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“

საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ გაიხსნა, რომლის ორგანიზატორებია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA).   სიმპოზიუმის თემაა „1980-90-იანი წლების პოლიტიკური მოვლენები და ლიტერატურული დისკურსი.“ 

ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე ესწრებოდა. „ჩვენთვის ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი საერთაშორისო სიმპოზიუმის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ველით, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი; დისკუსია, აზრთა სხვადასხვაობა და გამოთქმული რეკომენდაციები დაეხმარება ჩვენს ახალგაზრდობას, მომავალ თაობას გასული საუკუნის პოლიტიკური მოვლენების სწორად აღქმასა და შეფასებაში“-აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ უკვე მეცამეტედ იმართება. „ყოველ წელს ამ სიმპოზიუმს აქვს თავისი თემატიკა. წელს შევარჩიეთ საკმაოდ აქტუალური თემა: „1980-90-იანი წლების პოლიტიკური მოვლენები და ლიტერატურული დისკურსი“.  ამ თემაზე საგანგებო კვლევა არავის ჩაუტარებია. შესაბამისად, ეს ფორუმი, დარწმუნებული ვარ, წარმოაჩენს ძალიან ბევრ საინტერესო და აქტუალურ საკითხს,“- განაცხადა თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ მაკა ელბაქიძემ.

სიმპოზიუმში მონაწილეობს 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ - 14 ქვეყანა), მათ შორის: აშშ,  გერმანია, იტალია, სამხრეთ კორეა, მაკედონია, არაბეთის გაერთიანებული საემირო,    ბულგარეთი, ლიეტუა. ლატვია. უკრაინა, რუსეთი აზერბაიჯანი; აგრეთვე,  საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.

სიმპოზიუმი 3 დღის განმავლობაში იმუშავებს. პლენარული სესიის ფარგლებშივე გაიმართა საქართველოს შსს არქივის ხელშეწყობით ორგანიზებული გამოფენა „1980-90-იანი წლების პოლიტიკური მოვლენები საქართველოში“ და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ახალი ინგლისაურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია.