მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ დებატებში დაუჯდა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელს, დაარღვია თუ არა სასამართლო ეთიკა? - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთო კახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შოთა გეწაძეს.
„მარტივი კითხვა მაქვს, მოსამართლე, რომელიც სააპელაციო სასამართლოში მოღვაწეობს არჩევნების დროს, პოლიტიკურ დებატებში დაუჯდა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელს და მასთან პოლიტიკური დებატები გამართა. ამ დროს, მოსამართლის სტატუსი ჰქონდა მას. ეს სამოსამართლეო ეთიკას არღვევს, თუ ამის ნიშნებს შეიცავს? კი თუ არა,“ - მიმართა კახიძემ გეწაძეს.
უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის, შოთა გეწაძის განცხადებით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მისი მხრიდან არაეთიკური იქნება.
„ვერ გეტყვით, უფრო სწორად პასუხს არ გაგცემთ. მე ვუფრთხილდები ჩემს თავს, ამის პირდაპირ შეფასება ჩემი მხრიდან არის ეთიკის დარღვევა. მოსამართლის მხრიდან თავის კოლეგაზე იმის თქმა, რომ ის ეთიკურად ან არაეთიკურად მოიქცა არის ეთიკის დარღვევა“,- განაცხადა მოსამართლეობის კანდიდატმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, თავად როგორ მოიქცეოდა ლევან მურუსიძის ადგილზე, გეწაძემ თქვა, რომ მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი დებატებზე არ დაჯდებოდა.
„ამაზე თუ შეიძლება გოეთეს სიტყვებით გეტყვით: „არასოდეს ცხოვრებაში არ მქონია შემთხვევა, როდესაც მეც ისე არ მოვქცეულიყავი, როგორც სხვა მის ადგილას მოიქცეოდა. გოეთე ამბობდა ამას და არა მე“, - განაცხადა გეწაძემ.
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შოთა გეწაძეს უსმენენ.
ოპოზიციის განცხადებით კითხვები მათ, გეწაძის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით ექნებათ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ოპოზიციას მოუწოდებს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის პროცესში ბოლომდე ჩართულები იყვნენ.