გია ვოლსკი ეკა ბესელიას განცხადებებს პოლიტიკურ უზნეობას უწოდებს

გია ვოლსკი ეკა ბესელიას განცხადებებს პოლიტიკურ უზნეობას უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებებს პოლიტიკურ უზნეობას უწოდებს.

„პოლიტიკური უზნეობაა ის, რომ გუნდს ისეთი რამე დააბრალო, რაც არათუ მის ხელწერაში არ შედის, არამედ იმ მიმართულებად მიაჩნია, რომელსაც უნდა ებრძოლო. ეს არის ჩანაწერების კეთება და პირადი ცხოვრებით შანტაჟი. ეს არის პოლიტიკური უზნეობა. მლიქვნელობა ჩვენს გუნდს არ ახასიათებს, მით უმეტეს, მლიქვნული გარემო არასდროს ყოფილა და ვინ თუ არა, ბესელიამ იცის, რომ გუნდში მლიქვნელობა არ არის დაფასებული და პირიქით, აგრესიას იწვევს. რაც შეეხება ჩემს ბიზნეს ინტერესებს, ეს არის პოლიტიკური უზნეობა. მე და ჩემს კოლეგებს რაც დეკლარაციაში გვაქვს, სხვა არაფერი გაგვაჩნია. ზოგს ბევრი აქვს, ზოგს ნაკლები. ისეთი დონის განცხადება გააკეთა, რომელიც სახელმწიფოს პოლიტიკურ საფუძვლებს ანგრევს, თუ ეს სიმართლეა. თუ იცის, რომ სიმართლეა და ჩვენებას არ აძლევს, ეს პოლიტიკური ზნეობის თემაა“,  – განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის  განცხადებას ეკა ბესელია გამოეხმაურა.

ბესელიას თქმით, თუკი უმრავლესობის წევრების მხრიდან მის მიმართ განცხადებები გაგრძელდება, მისი პასუხები მწარე იქნება.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის ბევრი ინფორმაციის მატარებელია და ცდილობს, სათქმელი ისეთი ფორმით გამოხატოს, რაც პრობლემებს ეხება.

„ვოლსკი ცოტა უნდა გამოფხიზლდეს და ამ პერსონალულ და ტუტუცურ თავდასხმებს თავი დაანებოს იმიტომ, რომ სახე დაკარგა. მეტს აღარ ვუპასუხებ. თუ კიდევ გააგრძელებს ლაპარაკს, ჩემი პასუხები იქნება მწარე. თქვენ თუ აკვირდებით, არავის მიმართ პირველს არ დამიწყია პერსონალური თავდასხმა. შეგნებულად მაქვს ეს პოზიცია იმიტომ, რომ როცა ვეხები იმ ადამიანებს, ვინც გუშინ, გუშინწინ თანამებრძოლები იყვნენ, ეს არ არის ემოციურად ადვილი. როცა თავს უფლებას აძლევენ და წითელ ხაზებს გადააბიჯებენ, კი, პასუხები მწარე გამომდის. ისიც ხომ იციან, რომ ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ და ძალიან ვცდილობ, ისეთი ფორმით გამოვხატო სათქმელი, რომელიც პრობლემებს ეხება და ეს არ არის ჩემი პერსონალური ამბავი. ეს პრობლემები რომ არსებობს, ამაზე თუ არ ვისაუბრეთ, მერე უფრო მეტ ადამიანს შეეხება,“- განაცხადა ბესელიამ.