ჭიდაობის ფედერაციამ დღეს ოფიციალურად უარყო გავრცელებული ინფორმაცია პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული მოჭიდავის, რამაზ დევაძესთვის პრეზიდენტთან რეკომენდაციით შესვლის თაობაზე. პარალელურად, მედიაში ქვეყნდება ინფორმაცია ფედერაციის პრეზიდენტისა და რამაზ დევაძის ახლო ურთიერთობის შესახებაც.
„პრაიმტაიმი“ მკითხველს ახლო წარსულიდან ერთ სკანდალურ საქმეს შეახსენებს, როცა ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ლუკა კურტანიძეს მოჭიდავეები დაუპირისპირდნენ.
2014 წლის 22 სექტემბერს სამსახურში მისულ პრეზიდენტს მოჭიდავეებმა კვერცხები დაუშინეს. მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ ამ შემადგენლობას ძმები გეგეშიძეები მართავდნენ. გეგა გეგეშიძე მაშინ იმდროინდელი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი გახლდათ, მისი ძმა კი ამ აქციის აქტიური მონაწილე.
აქციაზე აქტიურობით ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი, რამაზ დევაძეც გამოირჩეოდა.
ამ სკანდალური აქციიდან სამ თვეში, 2014 წლის დეკემბერში ლუკა კურტანიძემ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დათმო...
2014 წლის 27 დეკემბერს, ბათუმში, დისკო-კლუბ „ლეგასში“ ნასვამი რამაზ დევაძე და ბათუმის პოლიციის თანამშრომელი თარაშ მუკბანიანი წაკამათდნენ. ჩხუბის დროს დევაძემ მუკბანიანს სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ესროლა. მუკბანიანი იქვე გარდაიცვალა...
მკვლელობიდან რამდენიმე საათში რამაზ დევაძე სარფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ქართველმა მესაზღვრეებმა უპრობლემოდ გაატარეს. უფრო მეტიც, არსებობს მოსაზრება, რომ საზღვარზე ის მაშინდელი მინისტრის დაცვის უფროსმა, გეგა გეგეშიძემ თავად ჩაიყვანა. იქვე გაიჟღერა ვერსიამ, რომ რამაზ დევაძე „კანონიერი ქურდის“, მინდია გორაძის (ლავას ოღლი) გარემოცვის წევრია და თურქეთში ის სწორედ ლავას ოღლისთან მიდიოდა.
დევაძე გამშვებ პუნქტზე თურქმა მესაზღვრეებმა დააკავეს. ზუსტად ერთ თვეში მინისტრის პოსტი დატოვა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მიუხედავად მის გარშემო ატეხილი არაერთი სკანდალისა, უკვე 2 წელია გეგა გეგეშიძეა...
ვიცე-პრეზიდენტად მან ყოფილი შეფი და მეგობარი, ალექსანდრე ჭიკაიძე დანიშნა...
რამაზ დევაძე, რომელსაც სასამართლომ 2015 წელს პოლიციელის მკვლელობის გამო 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, პრეზიდენტისგან შეწყალებული, უკვე თავისუფალია...
ქვეყანა, სადაც ასეთი მდგომარეობაა, შეიძლება სახელმწიფოდ იწოდებოდეს?!.
გულზე ხელი დაიდევით, - თქვენს ნაცნობ ემიგრანტებს, რომლებიც დიდი ხნის წასულები არიან საქართველოდან და აპირებენ უკან დაბრუნებას, ურჩევთ, რომ დაბრუნდნენ ასეთ ქვეყანაში?!
გადავირიე!..