ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე კიდევ რამდნიმე პირის დაკავებას არ გამორიცხავს. მან სასამართლო შენობა კმაყოფილმა დატოვა.
„კარგი რაღაცები იკვეთება. სავარაუდოდ, ძალიან ბევრი დაჭერები წავა. ოდნავ ვისაც წვლილი მიუძღვის ამ საქემში, ყველას დაიჭერენ"- განაცხადა სარალიძემ ჟურნალისტებთან.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომაზე ბრალდების მხარის 5 მოწმე უნდა დაკითხულიყო.
დღევანდელ სასამართლო პროცესს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც ესწრებოდა.
ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.