ზვიად ავალიანი:  შეწყალება ყოველთვის ქმნიდა, ქმნის და კვლავაც შექმნის ათასგვარი ინტრიგის, ჭორის და უსამართლობის რისკს

ზვიად ავალიანი:  შეწყალება ყოველთვის ქმნიდა, ქმნის და კვლავაც შექმნის ათასგვარი ინტრიგის, ჭორის და უსამართლობის რისკს

პოლიტოლოგი ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

მე რომ კაცმა მკითხოს, დამნაშავის შეწყალების მორალური უფლება შეიძლება ქონდეს მხოლოდ ერთ ადამიანს - თვითონ მსხვერპლს, ანუ მას ვის წინააღმდეგაც განხორციელდა დანაშაული, მაგრამ რადგან მკვლელობის მსხვერპლი ცოცხალი ვერ იქნება და ვერც ვერავინ ვერასდროს გაიგებს მის აზრს, მკვლელობა ალბათ მაინც გამონაკლის შემთხვევად უნდა ჩაითვალოს

უფრო მეტიც - მე საერთოდ არ ვარ დარწმუნებული რომ სუბიექტურ განწყობაზე დაფუძნებული შეწყალების ფენომენი ზოგადად სასარგებლო მოვლენაა და მხოლოდ ერთი შემთხვევა გახდა პრობლემა. რეალურად შეწყალება ყოველთვის ქმნიდა, ქმნის და კვლავაც შექმნის ათასგვარი ინტრიგის, ჭორის და უსამართლობის რისკს. აქ ალბათ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, საიდან იღებს სათავეს ეს ფენომენი - შეწყალების პრაქტიკა რეალურად გაიფურჩქნა აბსოლუტიზმის და ტირანიების ეპოქაში, როცა ძალიან მკაცრი კანონმდებლობა ბევრი ადამიანისთვის შეწყალებას ტოვებდა გადარჩენის ერთადერთ საშუალებად. იმ ეპოქებში მეფეები და იმპერატორები მართლაც ბევრ ადამიანს იწყალებდნენ, ანუ ფაქტობრივად "ჩუქნიდნენ" ადამიანებს სიცოცხლეს, ოღონდ იმიტომ კი არა რომ ძალიან ჰუმანურები იყვნენ (ასე რომ ყოფილიყო კანონმდებლობას შეარბილებდნენ) არამედ იმიტომ რომ ამ წყალობით "ეყიდათ" ურჩი ქვეშევდრომის ლოიალობა.

ასე, მაგალითად, წარმოიდგინეთ, რამდენად თავზეხელაღებული ფანატიკოსი უნდა ყოფილიყო მაგალითად რომელიმე რევოლუციონერი, რომ რეჟიმის წინააღმდეგ გაეგრძელებინა ბრძოლა მას შემდეგ რაც მეფემ მას სიცოცხლე "აჩუქა". ეს იცოდნენ მონარქებმაც და ამიტომ სწორედ ასე, "წყალობის ფორმით" უნარჩუნებდნენ ადამიანებს სიცოცხლეს და არა კანონის შერბილების გზით, მაგრამ ასეა თუ ისე, რადგან იმ ეპოქაში ბევრი ადამიანისთვის ეს მართლაც იყო სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა, შესაბამისად იყო სიკეთეც...

ასე იყო ადრე... მაგრამ დღეს, როცა დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნებში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში სიკვდილით დასჯა საერთოდ არ არსებობს, კანონმდებლობაც გაცილებით უფრო რბილია აბსოლუტიზმის ეპოქასთან შედარებით და პლუს რამდენიმე პროგნოზირებადი და ობიექტური მექანიზმიც არსებობს იმისთვის, რომ მსჯავრდებულმა სასამართლოს მიერ თავდაპირველად მისჯილ დროზე ნაკლები დაჰყოს საპატიმროში, ცოტა არ იყოს და გაუგებარია შეწყალების ფენომენის არსი და მე ვფიქრობ კონკრეტული ინდივიდების კრიტიკის გარდა კარგი იქნება თუ ასეთ საკითხებზეც ვიმსჯელებთ... ბოლოს და ბოლოს, ალბათ არც ის უნდა იყოს შემთხვევითი მოვლენა, რომ საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ შეწყალების მექანიზმი საერთოდ ამოიღეს კანონმდებლობიდან, როგორც თანასწორობის პრინციპის დარღვევა

და ბოლოს - დასაწყისში დავწერე რომ მსხვერპლს შეიძლება ქონდეს შეწყალების ექსკლუზიური მორალური უფლება თქო, მაგრამ ბოლომდე რომ მივედი, ამ მოსაზრებაშიც ეჭვი შემეპარა... რეალურად, დამნაშავე ხომ მხოლოდ ერთი ადამიანის უფლებას კი არა, მთლიანად საზოგადოებრივ შეთანხმებას არღვევს. აქედან გამომდინარე ალბათ ისიც საკითხავია აქვს თუ არა ერთ ადამიანს, თუნდაც მსხვერპლს, მთელი საზოგადოების ნაცვლად პატიების უფლება ან მიზანშეწონილი იქნებოდა თუ არა მასზე ამხელა მორალური პასუხისმგებლობის დაკისრება.