როგორც კეთილსინდისიერმა მოსამართლემ სასამართლოს კვალი დავამჩნიე

როგორც კეთილსინდისიერმა მოსამართლემ სასამართლოს კვალი დავამჩნიე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი ფიქრობს, რომ სასამართლოს დაამჩნია კვალი, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა კეთილსინდისიერმა მოსამართლემ.

“თითოეულ გადაწყვეტილებაზე აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ. თითოეული მოსამართლე, რომელიც ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რითაც საზოგადოებას აჯერებს, რომ სამართლიანობა აღდგა, ეს არის სწორედ კვალის დამჩნევა“,- აღნიშნა მერაბ გაბინაშვილმა უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას კითხვის საპასუხოდ, მიუღია თუ არა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომ უნანია.

გაბინაშვილის ამ პასუხის შემდეგ ნუკრი ქანთარიამ დასძინა:

“ როცა რაიმე სინანულის გრძნობა არ გვაქვს, მიკვირს ცოტა“.

მერაბ გაბინაშვილმა აღნიშნა, რომ ზოგადად მოსამართლემ გადაწყვეტილება ემოციის გარეშე უნდა მიიღოს, თუმცა მას კონკრეტულ საქმეებზე ბრალდებულის მიმართ სიბრალულის განცდა ჰქონია.

“ყოფილა შემთხვევა, როცა ოჯახის წევრების შეურაცხყოფის გამო, 70 წლის კაცმა, აფექტი არ დადგინდა, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭებს სასიცოცხლოდ ჭრილობები მიაყენა. ეს ადამიანი პროცესზე იმდენად დავინახე, რომ კრიმინალი არ იყო თავისი ბუნებით, 70 წლის მანძილზე პატიოსნად ჰქონდა ნაცხოვრები, რეგიონში ძალიან დიდი პატივისცემით სარგებლობდა, მე მის მიმართ მინიმალური სასჯელი გამოვიყენე, რაც შეიძლებოდა გამომეყენებინა. სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა. არ უნდა დამეჭირა, მაგრამ დავიჭირე - ასეთი განცდა არ მქონია, ეს განცდა თუ მექნებოდა, ე.ი სადღაც დიდი შეცდომა მქონია დაშვებული. სიბრალულის განცდა ბევრ საქმეზე მქონია, განსაკუთრებით გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულების წარმოების დროს, არავინ არია მსგავსი ტიპის დანაშაულისგან დაზღვეული“,- აღნიშნა მერაბ გაბინაშვილმა.

ნუკრი ქანთარია: ე.ი ღამე არ გაგღვიძებიათ და არ გიფიქრიათ, აუ, ეს რა ჩავიდინე.

მერაბ გაბინაშვილი: ეს ჩემი პირადია, ნამდვილად განმიცდია, ყველა ბრალდებულის საქმე მახსოვს. ამასთან, მერაბ გაბინაშვილი ამბობს, რომ 13 წლის განმავლობაში მისი მიერ გამოტანილ განაცენებთან დაკავშირებით მხოლოდ 2 საჩივარი შევიდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში მის მიმართ დისციპლინურის არც ერთი სახე არ გამოყენებულა, რეკომენდაციაც კი.