საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის განცხადება

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის განცხადება

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც გამოეხმაურა ქართულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებული საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და იმ აქტიური გულშემატკივრობისთვის, რომელიც ჩვენი მოჭიდავეების წარმატებებს კიდევ უფრო ალამაზებს. საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა 2019 წლის უმთავრეს შეჯიბრებაზე – მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს. ერთ წელიწადში მსოფლიოს ოთხი ჩემპიონი გვყავს – ასეთი მიღწევა საქართველოს ჭიდაობის ისტორიას არ ახსოვს. ლოგიკური იყო გმირი მოჭიდავეების დასახვედრად თბილისის აეროპორტში ათასობით გულშემატკივრის შეკრებაც.

ჭიდაობის ფედერაციისთვის 23 სექტემბერი საზეიმო დღე იყო. მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ ქართველი გმირები. სწორედ ეს იყო მთავარი სასაუბრო თემა. ფედერაციის ხელმძღვანელობამ შეგნებულად აარიდა თავი კომენტარს იმ ცრუ ინფორმაციაზე, რომელიც რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა.

მოვითხოვთ, მატყუარა წყაროებმა გამოაქვეყნონ გუშინ გავრცელებული ბრალდების დამადასტურებელი საბუთი, მაგრამ ასეთი არ არსებობს. მოუხადონ ბოდიში მოჭიდავეებს და თითოეულ ადამიანს, ვინც შეცდომაში შეიყვანეს. არც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას და არც მის პრეზიდენტს არანაირი რეკომენდაცია არ გაუწევიათ. ეს იყო მორიგი ბინძური მცდელობა, მოჭიდავეების წარმატების გადასაფარად და დასაკნინებლად“, – წერია განცხადებაში.