უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მერაბ გაბინაშვილმა დაადასტურა, რომ გუშინ, იურიდიულ კომიტეტზე თამარ ალანიას ამხნევებდა. მან თამარ ალანიას კომიტეტზე გასაუბრების დროს მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა:
“დაღლილობა არ შეგეტყოს“.
მერაბ გაბინაშვილს ამ თემაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ დაუსვა კითხვა. ბოკერიამ დასძინა, რომ გუშინ მერაბ გაბინაშვილი თამარ ალანიას გასაუბრების დროს კარნახობდა.
“თუ გსმენიათ, რომ ვინმეს გამოცდაზე გარედან კარნახობენ, გამოცდიდან აგდებენ. გუშინ დიდი აჟიოტაჟი იყო, ხუმრობაც, დაფიქსირდა ფაქტი, რომ კარნახობდით ქალბატონ თამარს. დაგიფასათ ეს დახმარება?“,- მიმართა მერაბ გაბინაშვილს გიგა ბოკერიას.
მერაბ გაბინაშვილმა აღნიშნა, რომ მან თამარ ალანიას გამამხნევებელი მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა, რაც დაშვებულია.
“აშშ-ი როცა მსგავსი ტიპის გასაუბრებები მიმდინარეობს, ოჯახებით მიდიან, რომლებიც უკან სხედან და შეზახილებით ამხნევებენ. მე ამაში ნეგატიურს ვერ ვხედავ. ნეგატიურს ვხედავ იმაში, რომ სხვისი პირადი ინფორმაციის მოპარვა ხდება ტელეფონიდან“,- აღნიშნა მერაბ გაბინაშვილმა.