საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი და საჯარო ლექციები

საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი და საჯარო ლექციები

დოქტორს, პროფესორს, მის სამეფო უმაღლესობას, პრინც ჰაინრიჰ ფონ უნდ ცუ ლიჰთენშთაინს, პროფესორს, დოქტორ მარკ ჰენეს დანიელს, პროფესორ ნიკოლას ტოტსა და პროფესორ ქეთი დაიან შიკს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ. 

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი დიდი ხნის პარტნიორები და კოლეგები ინდიანას უნივერსიტეტიდან პროფესორები ტოტი და შიკი გახდნენ საპატიო დოქტორები, რომლებთანაც ხანგრძლივი თანამშრომლობა გვაკავშირებს და კიდევ უფრო დიდი გეგმები გვაქვს - ტანზანიის დაკავშირება საქართველოსთან და ჩინეთთან და ამ სამივე წერტილში ერთობლივი სამეცნიერო  კვლევების ჩატარება. ამ საქმიანობაში ჩართულია ჩვენი ეროვნული მუზეუმი და ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება. ასევე, საპატიო წოდება მიიღო მისმა სამეფო აღმატებულებამ, ლიხტენშტეინის პრინცმა ჰაინრიჰ ფონ უნდ ცუ ლიჰთენშთაინმა, რომელიც მუშაობს საზოგადოებრივი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებზე. ძალიან საინტერესო მეცნიერია, მრავალი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი. საპატიო დოქტორი დენიელი მუშაობს ეკონომიკის, და ზოგადად, სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებზე,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

საპატიო დოქტორის წოდება პროფესორებს თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილების თანახმად მიენიჭათ;  მათ შორის, ფინანსური მენეჯმენტის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრინც ჰაინრიჰ ფონ უნდ ცუ ლიჰთენშთაინს. „სასიამოვნოა, რომ ქართველი ხალხი იზიარებს  საერთოევროპულ ღირებულებებს. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით, მსგავსი არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მინახავს. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და ძალიან კარგი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.  დიდი პატივია ჩემთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მიღება,“- განაცხადა  პრინცმა ჰაინრიჰ ფონ უნდ ცუ ლიჰთენშთაინმა.

დოქტორ მარკ ჰენეს დანიელს საპატიო დოქტორის წოდება საქართველოს საინვესტიციო კლიმატის განვითარებასა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა: „ჩვენ ყველანი აღფრთოვანებული ვართ ამ არაჩვეულებრივი ცერემონიით, რომელიც გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც განთქმულია, როგორც უდიდესი უნივერსიტეტი. ყოველთვის დიდი სიამოვნებაა საქართველოს სტუმრობა და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც გვექნება ამის შანსი.“

„საქართველო ჩემი და ჩემი მეუღლის საყვარელი ქვეყანაა. ჩვენ გვიყვარს ქართველი ხალხი, კულტურა, არქიტექტურა, სამზარეულო და ღვინო. მუშაობა არქეოლოგიურ კვლევებზე ქართველ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად იყო ძალიან სასიამოვნო. ჩვენ წავიყვანეთ ქართული ჯგუფი ჩვენს სამუშაო ადგილზე და ერთად შევისწავლეთ როგორ მიმდინარეობს არქეოლოგიური მუშაობები ამ პერიოდში ტანზანიასა და ჩინეთში,“- განაცხადა ინდიანას უნივერსიტეტის (აშშ) ანთროპოლოგიისა და ბიოლოგიის პროფესორმა, ინდიანას უნივერსიტეტის ქვის ხანის ინსტიტუტის და არქეოლოგიისა და ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის თანადამფუძნებელმა და თანადირექტორმა ნიკოლას ტოტმა. 

„ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მივიღე საპატიო დოქტორის წოდება. მე არ შემიძლია საკმარისად  გამოვხატო ჩემი მადლიერება. ჩვენი ნაცნობი ქართველების ცოდნისადმი წყურვილი, სიცოცხლის სიყვარული, ეს ყველაფერი იმდენად მშვენიერია, რომ ვერც კი ვინატრებდით უკეთეს ადგილს ამ ჯილდოს მისაღებად“- აღნიშნა ინდიანას უნივერსიტეტის (აშშ) ანთროპოლოგიისა და ბიოლოგიის პროფესორმა, ინდიანას უნივერსიტეტის ქვის ხანის ინსტიტუტის და არქეოლოგიისა და ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის თანადამფუძნებელმა და თანადირექტორმა ქეთი დაიან შიკმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კაფეში პროფესორმა მარკ ჰენეს დანიელმა და მისმა სამეფო უმაღლესობამ, დოქტორმა, პროფესორმა,  პრინცმა ჰაინრიჰ ფონ უნდ ცუ ლიჰთენშთაინმა გაერთიანებული საჯარო ლექცია წაიკითხეს თემებზე: „From Risk to Responsibility: Responding Thoughtfully to a Challenging World“,  „Family Purpose: 2 A Conceptual Analysis of Individual and Shared Purposes in Business Families“. ხოლო პროფესორებმა ნიკოლას ტოტმა და ქეთი დაიან შიკმა: “Human Evolution and the Dawn of Human Technology.“

ამავე ღონისძიებაზე პროფესორ რობერტ ბათს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა.