სკანდალური შეწყალებების საქმეზე მთავარი მოწმე ანგი ხუციშვილი იქნება. როგორც “2020NEWS”-გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხს ანგი ხუციშვილი კურირებს,რომელიც ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელია.
“2020NEWS” შეეცადა ხუციშვილთან დაკავშირებას და შეწყალების საქმეზე დეტალური ინფორმაციის გარკვევას, თუმცა იგი სააგენტოს ზარებს არ პასუხობს.
შეგახენებთ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, მას შეწყალების სკანდალთან შეხება არ აქვს და სიაზე პასუხისმგებლობა შესაბამის უფლებამოსილ პირს ეკისრება, რომელსაც ამ სიების შეტანა და გაფილტვრა ევალებოდა.
“9 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით ვიყავი შვებულებაში და ეს ყველაფერი მედიის საშუალებით გავიგე. ბუნებრივია, დავსვი კითხვები და ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება იყო. რატომ, ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როცა იღებ გადაწყვეტილებას, ხომ შეიძლება ვიღაცას კითხო. პასუხი, ამისთვის არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, ის პასუხისმგებელი პირი, ვის უფლებამოსილებაში შედიოდა ამ სიების შეტანა, გაფილტვრა. მე როდესაც დამიბარებენ პროკურატურაში, ამ შეკითხვებს აუცილებლად დავსვამ. ეს არის ჩემი აზრით ბინძური ცილისწამება. არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი და შესაბამისი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. მე არ ვკითხე პრეზიდენტს, არ არის ეს ჩემი კომპეტენცია, მაინტერესებს და გამოძიებას ვკითხავ. ისრები რომ ჩემსკენ მოდის, იმიტომ ვარ დღეს აქ. ნამდვილად არ ვიცი და თქვენთან ერთად მაინტერესებს პროკურატურაში დადგინდეს კონკრეტულად, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ ურჩია, ვინ შეიტანა ეს სია და შესაბამისად, რატომ მოაწერა ხელი პრეზიდენტმა. აბსოლუტურად არ ვარ გარეული, როგორც მე თქვენ გიყურებთ ახლა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე ამას დავამტკიცებ“, – განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც რამდენიმე გაძრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ძებნილი და მძიმე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულები აღმოჩნდა.
პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებას დიდი ხმაური მოჰყვა. გასულ კვირას სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სკანდალურ შეწყალებაში კორუფციული ნიშნები იკვეთება, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და უწყებაში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება მათ შორის შესაძლოა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ზურაბიშვილის დისკრეციულ უფლებას, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა არც თავად პრეზიდენტის გუნდის წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს. იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანის თქმით კითხვებს, რომლებიც გაჩნდა მკვლელების, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით, პასუხებს გამოძიება გასცემს.