„თქვენმა რეჟიმმა მომიკლა ძმა, შემდეგ კი მამა“ - ვინ არის გოგო, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა

„თქვენმა რეჟიმმა მომიკლა ძმა, შემდეგ კი მამა“ - ვინ არის გოგო, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა

„მინდა მივმართო აქ დამსწრე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს. დღეს ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახიდან მხოლოდ მე ვესწრები ამ შეხვედრას, რადგან თქვენმა რეჟიმმა მომიკლა ძმა, შემდეგ კი მამა", - ეს 27 წლის მარიამ მელაძის სიტყვებია, რომელმაც გუშინ გორში გამართული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საჯარო განხილვის დროს სიტყვით გამოსვლა ითხოვა.

მარიამ მელაძე ამბობს, რომ 2005 წლის 24 სექტემბერს დაიწყო, როდესაც ლანჩხუთში მეგობართან სტუმრად მყოფი მისი 27 წლის ძმა, ხვიჩა მელაძე, სამართალდამცველებმა მანქანაში ჩაცხრილეს.

„ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის, 2005 წლის 24 სექტემბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ის დიდი იმედი და ფრთები მომამტვრია, რომელსაც ძმა ჰქვია. მე ვთვლი, რომ ვაჟკაცი ძმა მყავდა, ამიტომ ლაჩრობა არ შემეფერება. გუშინ ჩემი გამოსვლაც სწორედ ამისი დამტკიცება იყო. კარგად მახსოვს ის დღე, ნათესავებთან ვიყავით, ხვიჩას გარდა მთელი ოჯახი იქ იყო. ხვიჩა ლანჩხუთში იყო მეგობართან. მახსოვს დედაჩემის კივილი "ხვიჩა აღარ არის", მაშინ 13 წლის ვიყავი, თუმცა ჩემი თვალებიდან არ ამოდის, თუ როგორ ამზადებდნენ ხვიჩას მოსასვენებლად სახლს. მამაჩემი ჩავიდა ხვიჩას ცხედრის წამოსაღებად. როგორც გვიყვებოდა, ხვიჩა იმდენად დასახიჩრებული იყო, ძლივს იცნო. იმაზე დიდი ტკივილი რა არის, როდესაც შენი შვილის გაყინული, სისხლიანი სხეულის დაბანა გიწევს. ამის შემდეგ დღე არ გასულა, რომ მამაჩემს ის საშინელი წუთები არ გაეხსენებინა და სწორედ ხვიჩას დარდმა მოკლა. 14 წელი გავიდა და დღემდე ხვიჩას მკვლელების დასჯის მოლოდინში ვართ. მე მჯერა, რომ "ქართული ოცნების" პირობებში აუცილებლად დაისჯება ყველა ის პირი, რომლებმაც ჩემი 27 წლის ვაჟკაცი ძმა სასიკვდილოდ გაიმეტა," - აცხადებს მარიამი.

მისი თქმით, 2004 წელს, დაკავებისას ეზოში შეკრებილმა ხალხმა კარგად დაინახა, თუ როგორ ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა იარაღი და დიდი ოდენობით ცელოფანში შეხვეული მარიხუანა.

„სააკაშვილის რეჟიმის პრინციპი იყო ახალგაზრდების სანახაობრივი მოკვლა. ჩემი ძმა მართლაც, რომ გამოირჩეოდა თავისი გარეგნობით, ხასიათით, ვაჟკაცობით. სწორედ ასეთ "საჯიშე" ვაჟკაცებს ხოცავდა ის ავბედითი რეჟიმი. პირველად ხვიჩა 2004 წლის 1 სექტემბერს დააკავეს მთელი უბნის თვალწინ. ეზოში შეკრებილმა ხალხმა კარგად დაინახა, თუ როგორ ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა იარაღი და დიდი ოდენობით ცელოფანში შეხვეული მარიხუანა, რომლის მომხმარებელი ჩემი ძმა არასდროს ყოფილა. ხვიჩა მხოლოდ თავისი დაუმორჩილებელი და სამართლიანი ხასიათის გამო დააკავეს. 9 თვეში გამოუშვეს 2005 წლის 18 აგვისტოს და თითქმის ერთ თვეში, 24 სექტემბერს, მომიკლეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, აპირებდა ქვეყნიდან წასვლას, რადგან სულ უთვალთვალებდნენ პოლიციის თანამშრომლები, 27 სექტემბერს უნდა წასულიყო. 24 სექტემბერს ლანჩხუთში წავიდა მეგობართან გამოსამშვიდობებლად და სწორედ იქ მოუღეს ორივეს ბოლო, ჩაცხრილეს," - განაცხადა მელაძემ.