"სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არათუ არ არსებობს სტრუქტურირებული და მწყობრი სტრატეგია მთავრობის მხრიდან, რომ რუსულ პროპაგანდას დავუპირისპირდეთ, არამედ თავიანთი პოლიტიკური და პარტიული ამოცანებით ამ ნარატივს იმეორებენ", - ამის შესახებ ექსპერტმა დავით სიხარულიძემ განაცხადა. მან ისაუბრა რუსული პროპაგანდის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ჰიბრიდული ომის ძალიან სერიოზული კომპონენტია.
„ეს არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე ვთქვათ ეკონომიკური ომის კომპონენტი ან თუნდაც, სამხედრო ან სპეცსამსახურების კომპონენტი. ეს ძირითადად მიმართულია, რომ ძირი გამოუთხაროს იმ საფუძვლებს, რაზეც დგას ქართული სახელმწიფო - ეს არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგაა მომართული, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაზე ვსაუბრობთ. ეს არის მიმართული ჩვენი თავისუფლებისა და ზოგადად, ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, ერთი მხრივ, რომ გააღვივოს ნიჰილიზმი, რომ ჩვენ არაფრის საშუალება არ გვაქვს და მეორე მხრივ, რომ შექმნას რაღაც კლიშეები, აბსოლუტურად არასწორი, მაგრამ კლიშეები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების წესის წინააღმდეგ იქნება მიმართული. მნიშვნელოვანია, ამ ჰიბრიდულ ომში სწორედ ამაზეც იყოს ადეკვატური პასუხი", - განაცხადა სიხარულიძემ.
მანვე უპასუხა კითხვას საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებზე რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. "სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არათუ არ არსებობს სტრუქტურირებული და მწყობრი სტრატეგია მთავრობის მხრიდან, რომ ამ პროპაგანდას დავუპირისპირდეთ, არამედ თავიანთი პოლიტიკური და პარტიული ამოცანებით ამ ნარატივს იმეორებენ, რაც ძალიან საზიანოა ქართული ეროვნული ინტერესებისთვის. ამის კარგი მაგალითია, ყოველ აგვისტოს რომ ერთ ხმაში გამოხტებიან და იძახიან, ომი ვინ დაიწყო, ამ დებატის გახსნას ცდილობენ", - აღნიშნა სიხარულიძემ.