საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” პარლამენტს მოუწოდებს “არალეგიტიმური პროცესის შედეგად შერჩეულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არცერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭიროს”. – ამის შესახებ მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნულთან დაკავშირებით “ლელოს” ოფისში, დღეს, 23 სექტემბერს 12:00 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება.
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა დღეიდან დაიწყო.
დღეიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმ 20 კანდიდატს მოუსმენს, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 4 სექტემბერს წარუდგინა. კომიტეტის სხდომას ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობს.
ანბანური პრინციპით, პირველი კანდიდატი, რომელიც კომიტეტის წინაშე წარსდგება, მოსამართლე თამარ ალანიაა.