ფარულ ფოტოესესიებზე ბავშვები ძირითადად მშობლებს რომ მიყავდათ, საქმეში არსებულ ვიდეოკადრებშიც ჩანს. ერთ-ერთი დაკავებულის მაზლი ამბობს, რომ ფოტოს გადასაღებად დედას მისი ძმის შვილი, 14 წლის გოგო თბილისში თვეში, რამდენჯერმეც კი დაჰყავდა. მოჰქონდათ თუ არა მშობელს შვილის პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებისთვის აღებული ჰონორარი სახლში, დაკავებულის ოჯახის წევრებმა არ იციან.
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების უმრავლესობა ერთი სოფლის მკვიდრია. ნაწილი უკვე წლებია დედაქალაქში ან სხვა რეგიონში ცხოვრობს. გამოძიების ცნობით, არასრულწლოვნებს პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებს აშშ-ს მოქალაქე 60 წლამდე კაცი უღებდა. მას, სოფელში კარგად იცნობენ, რადგან აქ, 10 წლის წინ პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ჩამოვიდა და სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა. ბრალდებული მისივე კოლეგის სახლში ცხოვრობდა, თუმცა მასპინძელი ამბობს, რომ მის ქცევებში უცნაური რაფერი შეუნიშნავს.
ბრალდებულმა, რომელიც გამოძიების ვარაუდით დანაშაულებრივი სქემის მთავარი რგოლია საქართველოში, ერთ კონკრეტულ სოფელში 9 თვე იცხოვრა. ფოტოგრაფიით მის გატაცებას ყველა ამჩნევდა. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ფოტოებს უღებდა, შემდეგ ბეჭდავდა და მათ ჩუქნიდა. ამ პერიოდში ფოტოსტუდიის გახსნაზეც საუბრობდა. შემდეგ საზღვარგარეთ წავიდა და როგორც პედაგოგები ამბობენ, სკოლაში ხელახლა 2 წლის წინ, გამოსაშვებ საღამოზე გამოჩნდა - ისევ ფოტოკამერით. როგორც ჩანს, ყოფილ მოსწავლეებთან კავშირი არ გაუწყვეტია.