ჯერ საკუთარ თავს ჰკითხონ, როგორ უზრუნველყვეს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა

ჯერ საკუთარ თავს ჰკითხონ, როგორ უზრუნველყვეს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა

„როდესაც ოკუპაციის წინააღმდეგ ჩვენს პოლიტიკაზე თუ ვინმეს აქვს შენიშვნები, იმ პოლიტიკოსებმა ჯერ საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, თვითონ როგორ უზრუნველყვეს ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის დაცვა", - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.

„შემთხვევით, ეს ის ხალხი ხომ არ არის, ვინც აცხადებდა, რომ ადამიანის უფლებათა ერთგულები იყვნენ და ამავდროულად, ადამიანის უფლებებს არღვევდნენ. ეს ის ხალხი ხომ არ არის, ვინც ამბობდა, რომ დასავლურ ორიენტაციას უჭერდა მხარს და დასავლეთის ყველა ღირებულება ფეხქვეშ გათელეს. ეს ის ხალხი ხომ არ არის, ვინც რეზოლუციებს აწერდნენ ხელს, სადაც საქართველო არის დადანაშაულებული ისეთ საკითხებში, რომელზეც ამ ქვეყნის არც ერთი მოქალაქე ხელს არ მოაწერდა. ეს ხალხი თუ გვეუბნება, რომ არათანმიმდევრულები ხართო, გასაგებია", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, ოკუპაციასთან ბრძოლას გულზე მჯიღის ცემისა და აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმის ნაცვლად, პრაგმატული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა სჭირდება.

„როცა ტერიტორიების 20 პროცენტი წართმეული გაქვს, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში შენი მოქალაქეები იტანჯებიან, ჯანდაცვა და ელემენტარული საარსებო პირობები არ აქვთ, რა თქმა უნდა ეს პრობლემაა, მაგრამ ეს პრობლემა არ არის ჩვენი შექმნილი, ეს შექმნა იმ მოცემულობამ, რომელ რეგიონშიც ჩვენ ვიმყოფებით. ამ რეალობას თვალის გასწორება უნდა, ამ გეოგრაფიას ვერ გავაქრობთ და ამ გეოპოლიტიკას სჭირდება პრაგმატული მიდგომა. გულზე მჯიღის ცემა და აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმი კი არ სჭირდება, ამას სჭირდება პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა. ოპონენტები ვერ განახორციელებენ ჩვენს მაგივრად საგარეო და ანტი საოკუპაციო პოლიტიკას. სანამ ხელისუფლებაში ვართ, ამას ჩვენ ვაკეთებთ და ჩვენი პასუხისმგებლობაა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.