სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არასწორადაა შეფასებული და დამატებით განმარტებას მოითხოვს, რათა საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდოს.
კერძოდ, დასკვნაში მითითებულია, რომ თსუ-ს მიერ პრინტერების კარტრიჯების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში აუდიტის სამსახური კონკურენციის შეზღუდვის მაღალ რისკს ხედავს, რაც უსაფუძვლოა. თსუ-ს მხრიდან აუდიტის სამსახურს განემარტა რომ კარტრიჯების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში სიტყვა „ორიგინალი“-ს მითითება არ წარმოადგენს არაპირდაპირ მითითებას რომელიმე პრინტერების მწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოებულ პროდუქტზე. სატენდერო დოკუმენტებში სიტყვა „ორიგინალი“ გულისხმობს პრინტერის მწარმოებლის მიერ დამზადებულ, ან ამავე მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული კომპანიის მიერ დამზადებულ პროდუქტს და ეს აუცილებლობა გამოიწვია იმ შემთხვევებმა, როდესაც ორიგინალი კარტრიჯების ფასად მიმწოდებლებს შემოუთავაზებიათ მეორადი, საქართველოში კუსტარულად აღდგენილი/ გადამუშავებული კარტრიჯები. მწარმოებლის ავტორიზაციის წერილის (მაფ) მოთხოვნით კი ხდება მეორადი და კუსტარულად გადამუშავებული პროდუქციისგან თავის დაცვა.
უნდა აღინიშნოს, რომ თავად შესყიდვების სააგენტოს პრინტერების და კარტრიჯების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერებში მოთხოვნილი აქვს ორიგინალი კარტრიჯები და მოთხოვნები შემდეგნაირად აქვს ჩამოყალიბებული: „შემოთავაზებული სტანდარტული კარტრიჯი განკუთვნილი უნდა იყოს შემოთავაზებული სტანდარტული პრინტერისათვის, იგი უნდა იყოს ორიგინალი და ახალი (არამეორადი) პროდუქცია.“
ასევე, არასწორი ინტერპრეტაციაა ავეჯის შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც თსუ-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში შესყიდვის ობიექტის პარამეტრები (ზომები, მასალები, ფერი და ა.შ.) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო ფიქსირებულ სიდიდეებში. თსუ განმარტავს, რომ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნები კონკრეტულ კომპანიაზე მორგებას არ გულისხმობდა. დასამზადებელი ავეჯის შესყიდვის მიზნით პირველ რიგში ხდება ავეჯის განთავსების, ადგილმდებარეობის და ფართის შესწავლა, მზადდება შესაბამისი ნახაზები ზუსტი პარამეტრების მითითებით, რათა ტექნიკური დავალება არ ქმნიდეს დამაბრკოლებელ გარემოებას დამამზადებელი კომპანიებისათვის.
ამასთან, აუდიტის სამსახური ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესასყიდად თსუ-ს მიერ ჩატარებულ ტენდერებში თითქოსდა ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით არსებულ რისკებზე მიუთითებს. საკითხი ეხება ა/მანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვისას პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის და სატენდერო წინადადების ფასის კლების მეთოდს.
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა ხდება ბაზრის კვლევის ეტაპზე. რაც შეეხება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების და პრეისკურანტის საბოლოო ღირებულების განსაზღვრის წესს, ის დარეგულირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების მე-11 მუხლით, რომლის მიხედვითაც, ტენდერის პრეისკურანტის საფუძველზე ჩატარებისას სატენდერო კომისია სატენდერო დოკუმენტაციაში თავად განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული სამუშაოს ან მომსახურების ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებით. გარდა ამისა, მსგავსი პრინციპით სარგებლობა სირთულეებს ნამდვილად არ იწვევს და უფრო მეტიც აღნიშნული პრინციპით სარგებლობს შემსყიდველი ორგანიზაციების უმრავლესობა მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც.
რაც შეეხება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით დაფინანსებული სამეცნიერო პროექტის თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებებს, თსუ-ს მიერ აუდიტის სამსახურს გაეგზავნა გრანტის მიმღები პასუხისმგებელი ფიზიკური პირის დამატებითი განმარტებები. ამასთან, დაფინანსებული კვლევა გრანტის მიმღები პირის მიერ ჩატარდა სრულყოფილად და შესაბამისი ანგარიში წარედგინა სამეცნიერო ფონდს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის რეაბილიტაციაზე ხარჯთაღრიცხვა გაიზარდა და "საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური და არაეკონომიური ხარჯვის რისკი" შეიქმნა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
მეორე სასწავლო კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით განისაზღვრა ე.წ. Design-Build (DB) მეთოდით. აღნიშნული საკითხი დაფინანსების გამოყოფის ეტაპზე შეთანხმებული იქნა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის #289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხის შემსწავლელი უწყებათაშორის კომისიასთან.
აღნიშნულ კონცეფციას აქვს დადებითი მხარეები. კერძოდ, DB მეთოდი (რომელიც მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია და ფართოდაა აპრობირებული) გულისხმობს ერთი კონტრაქტორის შერჩევას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება როგორც პროექტის შექმნაზე, ასევე სამუშაოების წარმოებაზე. პასუხისმგებლობა პროექტის ხარისხზე და პასუხისმგებლობა სამუშაოების სათანადოდ წარმართვაზე გადადის მხოლოდ ერთ პირზე. შესაბამისად, მცირდება სადაო საკითხები და პროექტში ცვლილებების შეტანის საჭიროება. DB მეთოდი შესაძლებლობას იძლევა შემჭიდროებულ ვადებში და ხარისხიანად განხორციელდეს მნიშვნელოვანი პროექტები
რაც შეეხება შემსყიდველის მხრიდან სახსრების რაციონალურად ხარჯვას. მეორე კორპუსის რეაბილიტაციაზე ჩატარდა ბაზრის კვლევა 100-ზე მეტ კომპანიასთან, სადაც დაფიქსირდა პროექტის მაქსიმალური ღირებულება 6,1 მლნ ლარი, ტენდერი გამოცხადდა უმცირეს ფასზე. ტენდერში მონაწილეობდა 3 კომპანია, საბოლოოდ ხელშეკრულება გაფორმდა 5,19 მლნ ლარის ღირებულების პროექტზე, რითაც გაწეულია 1 მლნ ლარზე მეტი ეკონომია.