ლევან ლორთქიფანიძე:  ამ მიტინგებზე ორმაგი სტანდარტი დავინახე

ლევან ლორთქიფანიძე:  ამ მიტინგებზე ორმაგი სტანდარტი დავინახე

მე ამ მიტინგებზე ორმაგი სტანდარტი დავინახე, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პოლიტიკური პარტიების მკვლევარმა, ლევან ლორთქიფანიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მაგალითად, გახარია ამ ხალხისთვის ძალადობაა, მაგრამ მერაბიშვილის ძალადობა არ არის ძალადობა. მაკო გომურისთვის ამოთხრილი თვალი არის ამოთხრილი თვალი და როდესაც იქ, პოლიციის შენობასთან ადამიანებს თვალი ამოთხარეს, ეს არ არის ამოთხრილი თვალი. ამ ადამიანებს ნაკლები პასუხისმგებლობა აქვთ. პასუხისმგებლობა იმაში გამოვლინდებოდა, რომ ვთქვათ, დღის წესრიგში თანაბრად დაესვათ როგორც გახარიას, ასევე ნიკა მელიას საკითხი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ამ ადამიანთა ბიოგრაფიები იცოდეს.

„არ მგონია, რომ ვინმე ანგელოზია, ფრთები ამოსდის და ა.შ. ყველას ჩვენი ნაკლი გვაქვს და ასე ვთქვათ, დანაშაული გვაქვს რაღაცის მიმართ ჩადენილი; უცოდველი არავინ არის, მაგრამ პირობითად, მიშა მშვილდაძეს რომ დაინახავ, უნდა იცოდე, საიდან მოდის, როგორ მოდის და ღირს თუ არა მისი ნდობა. კონკრეტულ პარტიებთან ასოცირებულ, „დამოუკიდებელ“ ახალგაზრდებს რომ დაინახავ, ხომ უნდა იცოდე, რა აქვთ გაკეთებული და რა დღის წესრიგით მოდიან?! როდესაც არ არსებობს ეს პასუხისმგებლობა, ერთი სტანდარტი და შექმნილ კონტექსტზე ნაკლებად ფიქრობენ, მაშინ, ასე ვთქვათ, უპატრონო ტაძარს ეშმაკები ეპატრონებიან ხოლმე და ჩვენ ვხედავთ, ამ მიტინგის მეორე ნაწილში რა ხალხი გამოდის სიტყვით – სალომე სამადაშვილები, სერგო რატიანები და სხვები და სხვები, ადამიანები, რომლებიც ცნობილი არიან თავიანთი უპასუხისმგებლო პოლიტიკით და ათასობით გაფუჭებული საქმით“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, ის სრულად იზიარებს იდეას იმის შესახებ, რომ საქართველო ოკუპირებული არ უნდა იყოს, გავრილოვი საქართველოში არ უნდა ჩამოდიოდეს, მაგრამ მოქმედების დროს, საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა გააცნობიეროს, ვის მივყვებით და ვის დღის წესრიგში ვეწერებით.

„როგორც „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში ჩაწერა არ ვარგა, ასეთივე საშინელებაა „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ანასხლეტების დღის წესრიგში მოხვედრა“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძემ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის კულტურის ნიშანი ისაა, როდესაც ადამიანებს ერთი მორალური სტანდარტი აქვთ, ყველა საქმეს ერთი სტანდარტით უდგებიან და არა ის, რომ ისინი მათ მიერვე დაბინძურებულ გარემოს ალაგებენ.

„იყო საუბარი კულტურაზე, რომ აქციის მონაწილეები იქაურობას ალაგებენ და ა.შ. შესანიშნავია, მაგრამ ცხოველებიც ალაგებენ თავიანთ ბუნაგს, თუ სოროს და ეს მაღალი კულტურის გამოხატულება არ არის. ეს ელემენტარულია, რომ ადამიანმა დაალაგოს ის გარემო, რომელსაც ვთქვათ, თავად დააბინძურებს“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, არ არის მისაღები, როცა მის თანატოლებს ენის მოჩლექით ელაპარაკებიან – ჩვენი ახალგაზრდა თაობა, მომავალი და ასე შემდეგ.

„ახალგაზრდები ძალიან ბევრი ვართ, ძალიან მრავალფეროვანი, სხვადასხვა მიმართულებების ვართ და არ არის საჭირო რომელიმე ერთ ჯგუფთან ენის მოჩლექით ლაპარაკი, რომელიმესთან კი არა“, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.