დავით ჭიაბერაშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დახმარებით ქართველი ახალგაზრდები საერთაშორისო დასაქმების ბაზარზეც კონკურენტუნარიანები იქნებიან

დავით ჭიაბერაშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დახმარებით ქართველი ახალგაზრდები საერთაშორისო დასაქმების ბაზარზეც კონკურენტუნარიანები იქნებიან

განათლების მიმართულებით მაიკროსოფთის ბიზნესგანვითარების მენეჯერის, დავით ჭიაბერაშვილის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოდინებას საგრძნობლად გაზრდის, რაც მისივე შეფასებით, ეკონომიური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. როგორც მან აღნიშნა, ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზეც კონკურენტუნარიანები იყვნენ.

"ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე რეგიონში მცხოვრები ხალხისთვის. პროექტი, რომლის პრეზენტაციაც გუშინ გაიმართა, ძალიან გაზრდის უცხოელი სტუდენტების შემოდინებას ჩვენს ქვეყანაში, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. ეს ასევე ქართველი სტუდენტებისთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს უნივერსიტეტი ორიენტირებული იქნება ტექნოლოგიებზე, რაც უკვე დასაქმების ბაზარზე თანდათან უფრო და უფრო აქტუალური გახდება. ამიტომ, ახალგაზრდებისთვის მომავლის უნარების განვითარება უმნიშვნელოვანესია. ქართველ ახალგაზრდობას არა მხოლოდ ჩვენს დასაქმების ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან კადრებად ჩამოაყალიბებს. 

რეგიონის მასშტაბით ალბათ ბევრი არ იქნება ასეთი დონის და მასშტაბის უნივერსიტეტები. ვფიქრობ, რომ ყველანაირი კუთხით ძალიან კარგი რამ კეთდება, რადგან ყველაფერთან ერთად აღნიშნული პროექტისაქართველოს რეგიონების განვითარების შესაძლებლობასაც იძლევა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქუთაისში ამ დონის უნივერსიტეტის არსებობა ბევრი ოჯახისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება და შეუმცირებს ხარჯებს. დეცენტრალიზაცია ასეთი უმაღლესი ინსტიტუტების ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა დავით ჭიაბერაშვილმა. 

ცნობისათვის, გუშინ ფონდმა "ქართუმ" და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას გამართეს.

პრეზენტაციის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და "იულიხის" საერთაშორისო კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.