ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთში გაემგზავრება

ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთში გაემგზავრება

ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში ესტუმრება. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,  ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებთან საუბრის დროს სამხედრო მართვის ცენტრში განაცხადა.

ტელეხიდით ჩართვისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ის ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში ესტუმრება და მათ საქმიანობას ადგილზე პირადად გაეცნობა. ღარიბაშვილის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობები გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო უკეთეს გარემოში შეძლონ თავიანთი მისიის შესრულება. მინისტრის თქმით, ის თითოეული მათგანის მეგობარი იქნება.

ქართველმა სამხედროებმა, კი ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრად დანიშვნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში მონაწილეობენ. ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტი სამ ლოკაციაზე, ხოლო ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში, ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში არიან დისლოცირებულნი.

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე საქართველოს განახლებულ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ნდობა 8 სექტემბერს ერთხმად გამოუცხადა.