მოსამართლეობის კანდიდატების 20 კაციანი სია საზოგადოებისთვის მორალური და ზნეობრივი სილის გაწვნაა

მოსამართლეობის კანდიდატების 20 კაციანი სია საზოგადოებისთვის მორალური და ზნეობრივი სილის გაწვნაა

 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების 20 კაციანი სია საზოგადოებისთვის მორალური და ზნეობრივი სილის გაწვნაა.

„ქართველი ხალხის შეურაცხყოფის პროცესი გრძელდება და ეს არის მთელი საზოგადოებისთვის თავზე ლაფის დასხმა, როდესაც პარლამენტში კვლავ შემოიტანეს იგივე მოსამართლეების გვარები, რომლებმაც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლაც კი გამოიწვია. შემოაბრუნეს ყველა მთავრობის და ყველა უფროსის მორჩილი და მსახური მოსამართლეები, პროკურორები, დღევანდელი ჯალათები, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ დევნას, რომლებიც აპატიმრებენ პოლიტიკურ ლიდერებს. ეს ადამიანები მოგვევლინებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად. ივანიშვილის პირადი დაქირავებული მოსამსახურე ადვოკატი ხვალ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდება. როგორ შეიძლება ხალხმა აიტანოს ამდენი დამცირება და შეურაცხყოფა?! ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური პროცესი. ეს არის მორალური და ზნეობრივი სილის გაწვნა საზოგადოებისათვის. ეს მოსამართლეები აქ ცხვირს ვერ შემოყოფენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე სერიოზული პროტესტი იქნება, როგორც შიგნით, ასევე გარეთ. დაიჭირეს პოლიტიკური ლიდერები, სდევნიან ნიკა გვარამიას, ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, მიდის ტელევიზიაზე ზეწოლა, 50-მდე ადამიანი დაპატიმრებულია და ბოლო შეურაცხყოფის სტადია არის ის, რომ თავზე დაგვასვეს ეს მორჩილი და უნამუსო მოსამართლეები. ამის მეტი მხოლოდ ის შეიძლება მოხდეს, რომ ივანიშვილმა მთელი ქვეყანა გადააქციოს საკუთარ შპს-დ. მოსამართლე არის ძალაუფლების შენარჩუნების ბოლო ინსტანცია. ეს არის ბოლო სტრატეგიული წერტილი და ამასაც იპყრობს ივანიშვილი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.