9/11-ის ტერაქტის წლისთავზე ქაბულში აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

9/11-ის ტერაქტის წლისთავზე ქაბულში აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

11 სექტემბრის წლისთავზე ავღანეთში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

შენობაში ამუშავებული განგაშის სიგნალი ახლომდებარე კვარტლებშიც ისმოდა. ცნობები მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ვარაუდობენ. რომ აფეთქების უკან შესაძლოა "თალიბანი" იდგეს, რომელიც აშშ-ს ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო დაემუქრა.

მოლაპარაკებები აშშ-სა და „თალიბანს“ შორის 9 თვე მიმდინარეობდა. ტრამპი „თალიბანის“ წარმომადგენლებთან კემპ-დევიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში საიდუმლო შეხვედრას გეგმავდა, თუმცა გადაწყვეტილება ქაბულში მოძრაობის მიერ განხორციელებული ტერაქტის გამო შეცვალა, რომელსაც ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელიწადი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს, 18 წლის წინ დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი - ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.

დღემდე, 2753 დაღუპულიდან იდენტიფიცირებულია მხოლოდ 1641 მსხვერპლი, მათგან 77% იყო კაცი, 23% - ქალი. ტერაქტს 87 ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა.