ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინა ბიაზროვა ქართული მხარის მიერ ე.წ. საზღვართან „სამხრეთ ოსური“ მხარის კუთვნილი კვადროკოპტერის ჩამოგდების შესახებ განცხადებას აკეთებს.
„1 სექტემბრის დილით, უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ძალოვან სტრუქტურას ეკუთვნოდა, სახელმწიფო საზღვართან ვიდეო დაკვირვებას ახორციელებდა. დაახლოებით 10:00 საათისთვის, საქართველოს დასახლებულ პუნქტ კობიდან, კვადროკოპტერის მიმართულებით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაიხსნა ცეცხლი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიისკენ. შედეგად, კვადროკოპტერი სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე ჩამოვარდა“, - განაცხადა ბიაზროვამ.
მისივე თქმით, „არაერთგზის ასრულებდნენ სადღეღამისო რეჟიმში დაზვერვას სახელმწიფო საზღვრის გაყოლებაზე და სამოქალაქო ობიექტების თავზე, რომლებსაც იცავენ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მესაზღვრეები“. „ამასთან ერთად, აუცილებლად მივიჩნევთ განვაცხადოთ, რომ სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატის დაცხრილვა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიმართულებით წარმოადგენს პირდაპირ პროვოკაციას“, - განაცხადეს დე ფაქტო კომიტეტში.