ზელიმხან ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი ევროკავშირში ყალბი პასპორტით შევიდა

ზელიმხან ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი ევროკავშირში ყალბი პასპორტით შევიდა

პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელმა, 49 წლის ვადიმ სოკოლოვმა ევროკავშირში შეღწევა ყალბი პასპორტით მოახერხა.

ჟურნალ „შპიგელის", Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფისა და რუსული გამოცემა Russian Insider-ის მიერ ერთობლივად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, სოკოლოვი რუსეთიდან ჯერ საფრანგეთში ჩაფრინდა, შემდეგ კი ბერლინში. მათივე ინფორმაციით, სოკოლოვი ევროკავშირის ტერიტორიაზე 2019 წლის ივლისში გაცემული პასპორტით შევიდა.

დოკუმენტი რომ ყალბი იყო, გამომძიებელ ჟურნალისტებს იმ ფაქტმა აფიქრებინა, რომ ასეთი მონაცემების მქონე პიროვნებას მათ ვერც ერთ მონაცემთა ბაზაში ვერ მიაგნეს, მათ შორის ვერც რუსულში.

ის არარსებული ადამიანის პასპორტით გადაადგილდებოდა და არარსებულ მისამართზე იყო ჩაწერილი.

გამომძიებელი ჟურნალისტები იმასაც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა პასპორტის მონაცემები მონაცემთა ბაზიდან წაშლილი ყოფილიყო, რაც სპეცსამსახურებთან კავშირს მიანიშნებს. „Bellingcat"-ი ვარაუდობს, რომ ვადიმ სოკოლოვის მონაცემები მის საფრანგეთში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე შეიტანეს ბაზაში, შემდეგ კი კვლავ ამოიღეს.

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანს ზელიმხან ხანგოშვილს 23 აგვისტოს ბერლინში მაშინ ესროლეს, როცა ის მეჩეთში პარასკევის ლოცვაზე მიდიოდა.

ხანგოშვილის მკვლელობას დასავლური პრესა რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებს.

გერმანული პრესა წერს, რომ დიდი ალბათობით, მკვლელობა რუსული სპეცსამსახურების შურისძიებას უკავშირდება, რითიც ჩეჩნეთის ომის აქტორებს ღიად მიანიშნეს, რომ ისინი უსაფრთხოდ არსად არიან, მათ შორის, არც გერმანიაში.

ხანგოშვილი პანკისის ხეობაში გუშინ დაკრძალეს.