მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იწყება

მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იწყება

მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის, მამა გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე წერს.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ეპისკოპოსი მას მოკვლით დაემუქრა თუ საუბარს დაიწყებდა იმაზე, რაც მისმა ძმამ იცის.

"ერთ-ერთ ჩემს ინტერვიუში ვთქვი, რომ რაც ჩემმა ძმამ, მამა გიორგიმ იცის, ყველაფერს ვიტყვი-მეთქი და ყველა წერილს გავასაჯაროვებდი, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპისკოპოსტთან მქონდა შეხვედრა (სახელს ჯერ შეგნებულად არ ვწერ) რომელიც დამემუქრა და მითხრა რომ მომკლავდნენ თუ დავიწყებდი საუბარს, რაზეც ჩემი პასუხი იყო, რომ მზად ვიყავი. შემდეგ ჩემი მცირეწლოვანი შვილებით დამემუქრა.

ეხლა ჩემი შვილების და მამაოს შვილების საზღვრებს გარეთ გაშვებას ვაპირებ, რომ ხელი არაფერმა შეგვიშალოს მე და ჩემ ძმას იმ მანკიერი ცოდვების მხილებაში, რაც საპატრიარქოში ხდება. მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილების სექტემბერი იქნება!", - წერს თორნიკე მამალაძე.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა.

შეგახსენებთ, 2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

სააპელაციო სასამართლომ არც ერთი მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. მოგვიანებით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

სოციალისტი სუს-ი გაუქმდა?
5 წლის უკან