მომავალ კვირას ერგნეთში მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება

მომავალ კვირას ერგნეთში მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება

სოფელ ჩოჩრანასთან, საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით ცენტრალურ მთავრობასა და დე ფაქტო მთავრობას აქვთ დიამეტრულად განსხვავებული პოზიციები, მაგრამ ამ განსხვავებების მიუხედავად, პრობლემას ვერ ვხედავთ, რომ კონსტრუქციულ ჭრილში თანამშრომლობა გაგრძელდეს, - ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ სოფელ ჩორჩანასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ქემოკლიძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ბლოკპოსტის დაშლის საკითხი ტექნიკურად არ განხილულა.

„შეხვედრა წარიმართა კონსტრუქციულ გარემოში, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. შევთანხმდით რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები დეესკალაციისკენ, რაც გაიზიარა ყველა მხარემ. შემდეგ კვირაში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა ერგნეთში. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, შეხვედრის საერთო პათოსი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას, რომლის განხორციელებას შევუდგებით დღეიდანვე. საგუშაგოს ლოკაციაზე არის აზრთა სხვადასხვაობა, მიუხედავად ამ განსხვავებისა, შევთანხმდით რომ სიტუაციის დეესკალაცია არის ყველას ინტერესში",- განაცხადა უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, ცხინვალის რეჟიმმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მათი მიზანი არ ყოფილა ულტიმატუმების ენით საუბარი. ქემოკლიძის განცხადებით, შეხვედრას საქართველოს, დე-ფაქტო ხელისუფლების, საერთაშორისო მისიებისა და ასევე რუსეთის მხარის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საგუშაგოს ლოკაციის შეცვლის საკითხი ქართული მხარის მიერ არ განიხილება.