„მას აქვს ფსიქიკური პრობლემები და სჭირდება დახმარება“ - ციხის ნაცვლად მკურნალობა

„მას აქვს ფსიქიკური პრობლემები და სჭირდება დახმარება“ - ციხის ნაცვლად მკურნალობა

პეკინის გამზირზე, გუშინ მომხდარ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით დღეს დილიდან ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული 51 წლის ქალი პოლიციამ გამთენიისას დააკავა, დაზარალებულ ბავშვს კი ოპერაცია ჩაუტარდა და თავს კარგად გრძნობს. მას საავადმყოფოდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ.

ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა შესაძლოა ის ციხის ნაცვლად სამკურნალო დაწესებულებაში გაგზავნონ, ვინაიდან წინასწარი ინფორმაციით, ქალს მწვავე ფსიქიკური პრობლემები აქვს.

იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი „პრაიმტაიმთან" საუბრისას ამბობს:

„თუ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაადგენს, რომ ქმედების ჩადენის დროს ეს ქალი იყო შეურაცხადი, სასჯელი არ დაინიშნება და დაენიშნება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. მკურნალობის დასრულების შემდეგ ისევ ჩატარდება ექსპერტიზა და თუკი დადგინდება რომ მკურნალობას აღარ საჭიროებს მაშინ უკვე გათავისუფლდება. დანაშაულად არ ითვლება თუ კი შეურაცხადია, რადგან ის ვერ ხელმძღვანელობს თავის ქცევას".

„პრაიმტაიმთან" საუბრისას ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე ამბობს, რომ დახმარებას საჭიროებს, როგორც თავდასხმის მცირეწლოვანი მსხვერპლი, ასევე მოძალადე.

„ამ საქციელს არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს, მაგრამ ახსნა უნდა ყველაფერს - ამას ნორმალური ფსიქიკის ადამიანი ვერ გააკეთებს, ფაქტია. მას აქვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები და სჭირდება დახმარება. სამწუხაროდ, სახელმწიფოში ჩვენ არ გვაქვს ისეთი სერვისები, რომლებიც ამ კატეგორიის ადამიანებს და მათ ოჯახებს თავის დროზე დაეხმარებოდა. ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი პრობლემები, თუ ის გადის შესაბამის მკურნალობას, ამნაირ რაღაცას არ გააკეთებს, რაც არ უნდა მძიმე ფსიქიკური პრობლემა ჰქონდეს მას. შეიძლება ეს გამოწვეული იყოს ბავშვობასთან დაკავშირებული რაღაც პრობლემით, შეიძლება მას ჰქონდეს ჰალუცინაციები და ესმოდეს ხმები. ეს დარღვევები მრავალფეროვანია, რომელიც უბრძანებს, მას რომ „ეს გააკეთე".

რაც შეეხება ბავშვს და ასევე მის მცირეწლოვან დას, წარმომიდგენია მშობლები რა მდგომარეობაში არიან. მშობლები იმ მომენტში ვერ მიხვდნენ რა მოხდა. ეს არის უმძიმესი სტრესული მდგომარეობა, როდესაც გონება ითიშება და ინსტიქტებით მოქმედებს ადამიანი. იქ რას გააკეთებ იმ მომენტში შეიძლება საერთოდ ვერ გაიაზრო და ისეთი რამე გააკეთო, რაც შენთვისაც დამაზიანებელი იყოს. ამიტომ საზოგადოების მხრიდან საუბრები იმაზე, რომ მშობლებმა და გამვლელებმა არაადეკვატურად იმოქმედეს, ნამდვილად არასწორია. ბავშვებს, ხო სჭირდებათ დახმარება და მშობლებსაც უნდათ, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური დახმარება. იმიტომ რომ, შესაძლებელია მშობლებს გაუჩნდეთ ახლა ის შეგრძნება, რომ როგორ ვერ დავეხმარეთ, როგორ ვერ გადავარჩინეთ? გარდა ამისა, შესაძლოა ბავშვებს ჩამოუყალიბდეთ ადამიანების და ზოგადად გარეთ გასვლის შიში, ამიტომ მათ აუცილებლად ესაჭიროებათ ფსიქოლოგიური დახმარება", - ამბობს „პრაიმტაიმთან" საუბრისას ფსიქოლოგი.