ეს არის მართლაც ისტორიული დატვირთვის მქონე პროექტი, სადაც ჩვენ, ბელარუსთან გვაქვს ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობები

ეს არის მართლაც ისტორიული დატვირთვის მქონე პროექტი, სადაც ჩვენ, ბელარუსთან გვაქვს ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობები

დარწმუნებული ვარ, რომ მიზნები, რომლებსაც ერთობლივი ძალებით უნდა მივაღწიოთ, ხარისხობრივად სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბელარუსის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის მრეწველობისა და ვაჭრობის მიმართულებების პარალელურად ვითარდება ურთიერთობები მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.

„ბელარუსი არის ძალიან კარგი მაგალითი საქართველოსთვის, თუ როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს ურთიერთთანამშრომლობას საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში არსებული მზარდი მაჩვენებელი.

„მოხარული ვარ, რომ ტურისტების რაოდენობა ბელარუსიიდან იზრდება და მივესალმები გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გაიზრდება პირდაპირი რეისების რაოდენობა ორ ქვეყანას შორის. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას და ჩვენს მეგობარს მინსკში გულთბილი მასპინძლობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი თავის ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორმხირივ ურთიერთობების გაღრმავებაში. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იხსნება ხვალ, ეს არის ქართული სახლი მინსკში, რომლის მიზანია ქართული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის წარმოჩენა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ბელარუს ხალხს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.

„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყანას, იმ პრინციპული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და ბელარუსს აქვს ნაყოფიერი ურთიერთობა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში.

„ეს არის მართლაც ისტორიული დატვირთვის მქონე პროექტი, სადაც ჩვენ, ბელარუსთან გვაქვს ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საერთაშორისო პლატფორები საშუალება მოგვცემს, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.